logo
ENG



ღარიბაშვილი: აზერბაიჯანს მართავს ბრძენი მმართველი... მჯერა, გონივრული გადაწყვეტილების

22 თებ 202113:47
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

პრემიერ მინისტრობის კანდიდატი, ირაკლი ღარიბაშვილი დავით გარეჯის საქმეზე კომენტარისას აცხადებს, რომ "აზერბაიჯანის გონივრული გადაწყვეტილების სჯერა". პარლამენტში, მთავრობის პროგრამის წარდგენისას, მანვე აღნიშნა, რომ დამტკიცების შემდეგ გეგმავს აზერბაიჯანში ვიზიტს და დიალოგს ამ საკითხზე. 

"აზერბაიჯანი არის ჩვენი ძალიან ახლო მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი, რომელსაც მართავს ბრძენი მმართველი, ბატონი ალიევი, რომელთანაც მე მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა. ერთ-ერთი პირველი ვიზიტი, აზერბაიჯანში მექნება. 

ჩვენ გვექნება დიალოგი აზერბაიჯანთან, მჯერა რომ ბატონი ალიევი, ჩვენი მეგობარი აზერბაიჯანული მხარე მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას, ჩვენ მივიღებთ გონივრულ გადაწყვეტილებას, ჩვენ შევძლებთ მოლაპარაკებას", - აცხადებს ღარიბაშვილი.  

*** 

დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა წლების განმავლობაში აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. ისინი საქართველოს ხელისუფლების მიერ 1995 წლიდან გაცხადებული ინტერესების შესაბამისად მოქმედებდნენ. 

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმებულია საზღვრის 446 კილომეტრიანი ზოლიდან 294 კილომეტრი, 152 კილომეტრი - შეუთანხმებელი. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის 16 ტაძრიდან 3 - ჩიჩხიტური, უდაბნო და ბერთუბანი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მას შემდეგ მოექცა, რაც 1922 წელს ბოლშევიკებმა აზერბაიჯანს ყარაის ველი დაუთმეს. 1994 წლიდან აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენაზე ორმხრივი კომისია მუშაობს. კომისიას საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა სამინისტრო ხელმძღვანელობს. 

2020 წლის 7 ოქტომბერს პროკურატურამ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავა. გამოძიება ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".  

უწყება ამტკიცებს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა არასწორი რუკებით ხელმძღვანელობდნენ, არ იყენებდნენ 1937-1938 წლებში გამოცემულ რუკას, მასშტაბით 1 : 2 000 000 და რომ მელაშვილმა და ილიჩოვამ "მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი და 1 : 50 000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზი, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებითად ეწინააღმდეგებოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან". 

პროკურატურამ გამოძიება თავდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული რუკების საფუძველზე დაიწყო, რომელიც მათ, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული, რუსეთში მომუშავე ბიზნესმენის, დავით ხიდაშელის დახმარებით მოიპოვეს. ფორმულას წყაროს ინფორმაციით, რუკა, რომელსაც ბრალდება ეყრდნობა, ხიდაშელმა, თავის მხრივ, რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობით მოიპოვა.

1 : 2 000 000-იანი მასშტაბის რუკა, რომლის არგამოყენებასაც პროკურატურა კარტოგრაფებს ედავება, ტერუტორიაზე არსებულ რეალობას არ შეესაბამება და 300-800 მეტრიან ცდომილებას იძლევა.

ბრალდების მხარის მიერ სწორად მიჩნეული რუკის არასწორობა დაადასტურა დამოუკიდებელმა ექსპერტიზამაც, რომელიც დაცვის მხარის მოთხოვნით ჩატარდა, თუმცა, მისი შედეგები სასამართლომ არ გაითვალისწინა.  

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. 

იმავეს ამბობენ ადვოკატები და აცხადებენ, რომ არ მიეცათ საქმის მასალებზე სრულად წვდომის საშუალება. მათივე თქმით, დაიღრვა დაცვის უფლება - სასჯელაღსრულების დაწესებულება ადვოკატებს საშუალებას არ აძლევს, კარტოგრაფებს კონფიდენციალურად დაელაპარაკონ. ამასთან დაკავშირებით დარღვევა სახალხო დამცველმა დაადგინა. პენიტენციური სამსახური კი აცხადებს, რომ ამაზე მოკვლევას დაიწყებს.

მელაშვილი და ილიჩოვა 28 იანვარს, გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. პროკურატურის თქმით, გამოიკვეთა, რომ ისინი ზემდგომის დავალებას ასრულებდნენ, ამიტომ კარტოგრაფების დაკავების საჭიროება არ არსებობს. 

 


close დახურვა