logo
ENG



ღარიბაშვილი: ვფიქრობ, რუსეთის პრეზიდენტი სააკაშვილის მთავრობას გულისხმობდა

27 მაი 202312:48
3 წუთის საკითხავი
clock 1030

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ქართული ხელისუფლების მხრიდან ფრენების აღდგენის მოთხოვნაზე საუბრობდა, რეალურად სააკაშვილის მთავრობას გულისხმობდა.

"მე მინდა, შემდეგი გითხრათ, ძალიან მარტივად, სპეკულაცია რომ არ დაიწყოთ, ჩვენ, ოფიციალურ ხელისუფლებას რუსეთის ხელისუფლებასთან არ გვაქვს პოლიტიკური დიალოგი. ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ეკონომიკურ-სავაჭრო ურთიერთობებზე, ეს არის გაცხადებული, თუ ვინმეს ჰქონდა ქართულ ხელისუფლებას მცდელობა კონტაქტების და ვიზიტები, ეს არის სააკაშვილის ხელისუფლება.

ჩვენ არ გვქონია, ოფიციალურ მთავრობასა და ოფიციალურ ხელისუფლება არ გქონია ამის თაობაზე არავითარი მოლაპარაკებები. ჩვენ დიასპორის ძალიან ბევრი წარმომადგენელი ვიცით, რომ ითხოვდნენ ამას, ქართული ბიზნესი ითხოვდა, ვიცი რომ, სხვა ჯგუფებიც ითხოვდნენ ამას, და ეს ხდებოდა წლების განმავლობაში. ასევე მთავარი მინდა გითხრათ, თუ ვინმე ითხოვდა რუსეთთან ფრენების აღდგენას, ვაჭრობის აღდგენას, ეს იყო სააკაშვილი და მთავრობა. ალბათ, მე ვფიქრობ, ჩემი განცდა ასეთია, რომ ალბათ რუსეთის პრეზიდენტი გულისხმობდა სააკაშვილის მთავრობას", - თქვა ღარიბაშვილმა.

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ ფრენების აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი ქართული ხელისუფლების მოთხოვნის საპასუხოდ გადადგა. პუტინის თქმით, მისთვის გაუგებარი იყო ის რეაქცია, რომელიც სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ფრენების აღდგენას მოყვა.

"მეგონა, რომ ქართულ ხელმძღვანელობას არაერთხელ დაუყენებია ეს საკითხი ვიზების გაუქმებისა და ნორმალური ავიაგადაზიდვების აღდგენის შესახებ და ჩვენ გადავდგით ეს შემხვედრი ნაბიჯი", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდა. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.

ფრენების აღდგენამდე ქართული ოცნების ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია, რომ ეს იყო "რუსეთის მიერ დაწესებული სანქცია" და ფრენების აღდგენა მათთვის მისასალმებელი იქნებოდა. 

 


close დახურვა