logo
ENG



ღარიბაშვილი: მთავრობა გახდება ბორჯომის - ჩვენი ეროვნული სიმდიდრის, სიამაყის თანამფლობელი

13 ივნ 202214:02
3 წუთის საკითხავი
clock 1101

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბორჯომის აქციონერებთან მოლაპარაკებები დასრულდა და საქართველოს მთავრობა კომპანიის თანამფლობელი გახდება.

როგორც მან მთავრობის სხდომაზე თქვა, ყველა ის პრობლემა, რომელიც ბორჯომსა და მის თანამშრომლებს აქვთ, მოგვარდება.

"ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები ბორჯომის აქციონერებთან და ჩვენი სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა გახდება აქციონერი იმ ჯგუფის, რომელიც არის ბორჯომის ქარხნის მეპატრონე. ეს არის უსასყიდლო გარიგება, ჩვენ უსასყიდლოდ გადმოგცემა აქციები და ამის შემდეგ ჩვენი სახელმწიფო გახდება ბორჯომის ქარხნის - ჩვენი ეროვნული სიმდიდრის, სიამაყის თანამფლობელი და ყველა ის პრობლემა, რომელიც ბორჯომსა და მის თანამშრომლებს ჰქონდა შექმნილი ოპერირებაში, მართვაში, ფუნქციონირებაში ზოგადად, იქნება მოხსნილი", - თქვა ღარიბაშვილმა.

მისივე განცხადებით, საკითხი საერთაშორისო პარტნიორებთან შეათანხმეს და გარიგება საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით გაფორმდა.

ომისა და სანქციების გამო ბორჯომმა მუშაობა 29 აპრილს შეაჩერა. IDS ბორჯომის საკონტროლო პაკეტი Alfa Group-მა 2013 წელს იყიდა. Alfa Group-ის დამფუძნებელი სანქცირებული რუსი მილიარდერი მიხაილ ფრიდმანია

ქარხნებში 1000 ადამიანია დასაქმებული. წარმოების შეჩერების შემდეგ კომპანიამ მათ ახალი სახელფასო პირობები შესთავაზა - თანამშრომლებს ანაზღაურება გაუნახევრდათ, ასევე, ზეგანაკვეთურ შრომაში ნაცვლად არსებული 140%-ისა, 125%-ს მიიღებენ. 

კომპანია ბორჯომმა 49 თანამშრომელი, რომლებმაც ახალ პირობებს ხელი არ მოაწერეს, სამსახურიდან გაათავისუფლა. 

დღემდე კომპანიის თანამშრომლები აქციებს მართავენ. მათ ბორჯომის პირველი და მეორე ჩამომსხმელი ქარხნების სრული პიკეტი მოახდინეს.

გაფიცული თანამშრომლები ქარხნიდან უკანონოდ გათავისუფლებული 49 თანამშრომლის სამსახურში აღდგენასა და აპრილისა და მაისის თვის ხელფასების ჩარიცხვას ითხოვენ.


close დახურვა