logo
ENG



ღარიბაშვილი: მიშელს ვუთხარი, რომ ვართ მოწადინებული, გავაგრძელოთ მართლმსაჯულების რეფორმა

19 ივლ 202112:50
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეხვედრაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს მართლმსაჯულებისა და საარჩევნო რეფორმების შესახებ ესაუბრა. 

"მე მქონდა საუბარი პრეზიდენტ მიშელთან საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. მას ვუთხარი, რომ თითქმის სრულყოფილი საარჩევნო რეფორმა შევიმუშავეთ, ასევე გვქონდა ჩართულობა ოპოზიციასთან. ასევე, მას ვუთხარი, რომ ვართ მოწადინებული და მოტივირებული, გავაგრძელოთ და ვაკეთოთ მართლმსაჯულების რეფორმა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. წლების განმავლობაში ჩვენ ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ სასამართლოში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ ვაკეთებთ უფრო მეტს და ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე", - თქვა ღარიბაშვილმა.

​როგორც პრემიერმინისტრმა აღნიშნა, შარლ მიშელს არჩევნებზე დამკვირვებლების ჩამოსვლასთან დაკავშირებით თხოვნით მიმართა. 

"​მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად მობილიზებული, რომ მოახლოებული არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში, პროცესი იყოს გამჭირვალე და ტრანსფარენტული. პრეზიდენტ მიშელს მივმართე თხოვნით, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოაგზავნონ საქართველოში, რომ არავის მიეცეს საშუალება ნებისმიერი მიზეზით სპეკულაციით", - თქვა ღარიბაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს მიაწოდა ინფორაცია იმის შესახებ, თუ როგორ სრულდება შეთანხმების დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებები ქართული ოცნების მხრიდან. 

"მას ვუთხარი, რომ ჩვენ ვართ მოტივირებული და მივყვებით ამ პროცესს და ჩვენი მხრიდან ყველა ვალდებულება და ის პირობები, რომელიც იყო გათვალისწინებული შეთანხმებაში სრულდება. აქვე, მე მას ვუთხარი, რომ სამწუხაროდ, დღემდე ოპოზიციის დიდ ნაწილს არ აქვს ხელი მოწერილი შეთანხმებაზე, რაც ძალიან დიდი შემაფერხებელი ფაქტორია პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაციისა და დამშვიდებისთვის", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში გუშინ, 18 ივლისს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ჩამოვიდა. 

აღსანიშნავია, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის საკითხს უკმაყოფილება მოჰყვა.

საკითხს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებით გამოეხმაურა, სადაც წერია, რომ ქართულმა ოცნებამ 19 აპრილის შეთანხმება უნდა შეასრულოს და მოსამართლეების დანიშვნის პროცესი უნდა შეაჩეროს. რაც შეეხება ამერიკის საელჩოს საქართველოში, ისინი ამბობენ, რომ მოსამართლეების დანიშვნა "უაღრესად გულდასაწყვეტია". 

არასამთავრობო ორგანიზაციების და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების მიუხედავად, შეეჩერებინათ პროცესი, პარლამენტმა 12 ივლისს 6 მოსამართლე უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნა.

ეს მოსამართლეები არიან: 

  • გოჩა აბუსერიძე;
  • გიორგი გოგიაშვილი;
  • ლევან თევზაძე;
  • რევაზ ნადარია;
  • ბიძინა სტურუა;
  • ლაშა ქოჩიაშვილი;

პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა 3 კანდიდატს: ქეთევან მესხიშვილს, ეკა ზარნაძეს და გიორგი შავლიაშვილს. 

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციის ძირითად ნაწილს. 

ქართულ ოცნებასთან ერთად კენჭსყრაში მონაწილეობა მიიღეს: ფრიდონ ინჯია - პარტია ევროპელი სოციალისტები, მიხეილ დაუშვილი, გიორგი ხოჯევანიშვილი, ანი ბუჩუკური - პარტია საქართველოსთვის, ალეკო ელსაშვილი და ლევან იოსელიანი - მოქალაქეები

უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლის გვარი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს 17 ივნისს გადაუგზავნა. 

არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია მიუთიუთებენ, რომ სასამართლო სისტემას ე.წ კლანი მართავს, რომელიც ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებს. სწორედ ამ მიზეზით ისინი, ისევე, როგორც საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, შეეჩერებინათ დანიშვნები უზენაეს სასამართლოში. 

ეს პუნქტი ჩაიწერა შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებაში. მოგვიანებით რამდენჯერმე გააკეთა განცხადება აშშ-ის ელჩმაც. თუმცა, ხელისუფლებამ დანიშვნების პროცესი არ შეაჩერა. 

რა წერია შეთანხმებაში?

შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტით, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ სასამართლო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.

ასევე, დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც. რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგება და გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული.


close დახურვა