logo
ENG



ღარიბაშვილი: რეფორმების ძლიერი განრიგით საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს

18 თებ 202319:13
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/18/hu7pftdqexvb507.jpg

ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა და მისი თქმით, ლაიენთან ერთად "ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის მტკიცე ნაბიჯები და ეფექტური რეფორმები" განიხილა.

ღარიბაშვილი შეხვედრის ამსახველ ფოტოს ტვიტერზე აქვეყნებს.

"ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ურსულა ფონ დერ ლაიენთან. გამოვკვეთეთ საქართველოსთვის მტკიცე ქმედებები და ეფექტური რეფორმები ევროინტეგრაციის გზაზე. იმედი გვაქვს ევროკომისიის დახმარების, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები მომდევნო ეტაპზე გადავიყვანოთ! რეფორმების ძლიერი განრიგით საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს" - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ლაიენმა და ღარიბაშვილმა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯებსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრეს.

"შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 12 პრიორიტეტის შესრულების პროცესის შესახებ, რომელთა დიდი ნაწილი სრულადაა შესრულებული, საკანონმდებლო აქტების ნაწილი კი, დასკვნისათვის გაგზავნილია ვენეციის კომისიაში." - წერია ადმინისტრაციის განცხადებაში.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმა ღარიბაშვილმა შეხვედრაზე იმედი გამოთქვა, რომ ევროკომისია, პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით, გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას და "წელს მოხდება კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილების მიღება, რაც საქართველოსთვის დამსახურებული კანდიდატის სტატუსის მინიჭებაა".

ღარიბაშვილმა და ლაიენმა ასევე ისაუბრეს საქართველოს მიერ ინიცირებული შავი ზღვის პროექტზე და "აღნიშნეს, რომ ამ პროექტით მოხდება განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარების ხელშეწყობა და გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობები ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის".

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადების ბოლო ნაწილში კი აღნიშნულია, რომ მხარეებს შორის "საუბარი ასევე შეეხო უკრაინაში რუსეთის აგრესიას და მის გავლენას საქართველოზე, რეგიონსა და ზოგადად მსოფლიოზე".

 

close დახურვა