logo
ENG



ღარიბაშვილი TV პირველზე: რომელიმე ტელევიზიაში შეჭრა აბსურდი და საფუძველს მოკლებულია

12 მარ 202112:30
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა TV პირველიდან მასალების ამოღების განჩინებას და ინფორმაციას ტელევიზიაში შეჭრაზე "აბსურდს" უწოდებს. ამ თემაზე მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს უპასუხა. 

"TV პირველში, ან რომელიმე ტელევიზიაში შეჭრა, ეს არის აბსურდი, ყოველგვარ საფუძველს მოკლებული. მინდა შევახსენო ჩვენს ოპონენტებს, რომ დღეს 2021 წელია და არა 2007 წელი, როდესაც შეჭრა მოხდა იმედში. არანაირი პანიკის და განგაშის საფუძველი არ არსებობს", - ამბობს ღარიბაშვილი. 

გუშინ, 11 მარტს ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან ფარულ ჩანაწერებზე მასალების ამოღების, "წინააღმდეგობის გაწევისას" კი "იძულების პროპორციული ზომის" გამოყენების უფლება მისცა. ფრაზა იძულებაზე აღნიშნულია მოსამართლე ლაშა კლდიაშვილის განჩინებაში, რომელიც ტელეკომპანიამ 10 მარტს მიიღო.

მოგვიანებით, პროკურატურამ მოსამართლის განჩინებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ გავრცელებული ინფორმაცია "ტელევიზიაში შეჭრაზე", სიცრუეა.

ფორმულას კითხვას, გათვალისწინებულია თუ არა "იძულების" ზომა წინააღმდეგობის შემთხვევაში, უწყებაში არ პასუხობენ. პროკურატურის პრესსამსახური მხოლოდ განმარტავს, რომ "არავინ არ აპირებს ტელევიზიაში შეჭრას და შევარდნას".

***

ტვ პირველის გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.

ჩანაწერი მოიცავს კიდევ რამდენიმე საუბარს ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, რომელშიც მონაწილეები ბერას შეურაცხყოფის გამო მსგავსი ანგარიშსწორების რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ და განიხილავენ.

ჩანაწერში ბერა ივანიშვილი ელაპარაკება სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს. ირკვევა, რომ ის ბერას მითითებებს ასრულებდა და არასრულწლოვნებს, რომლებიც ივანიშვილს მისთვის მიუღებლად მოიხსენიებდა, პირადად ემუქრებოდა. 

ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, არა ერთმა ადამიანმა მედიისა და თუ სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა, რომ ბერა ივანიშვილმა ან მასთან დაახლოებულმა პირებმა, ბერაზე ნეგატიური კომენტარის გამო, მათ სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ქართულ ოცნებას არ უარუყვია, რომ ჩანაწერი ავთენტურია, ისინი აქცენტს საუბრის დროზე აკეთებენ და ამბობენ, რომ ის 2010-2011 წლებშია გაკეთებული.  

პროკურატურამ ამ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე.


close დახურვა