თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც დავით გარეჯის საქმეზე 1938 წლის "რუკების მოძიება ვერ მოხერხდა", საქმის კურსში მმართველი გუნდის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ჩააყენა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ივანიშვილი თავის მხრივ დაუკავშირდა შვეიცარიაში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენს, დავით ხიდაშელს და დახმარება სთხოვა.
"მე ბატონი ბიძინა ჩავაყენე საქმის კურსში, რომ საჭიროა ამ რუკების მოძიება და ძალიან მალე, მე ვიღებ დავალებას, რომ ასეთი პიროვნება არის, ბატონი დავით ხიდაშელი, შვეიცარიაში მოღვაწე წარმატებული ქართველი, პატრიოტი კაცი, რომელთანაც უნდა მოხდეს დაკავშირება და რომელიც სავარაუდოდ დაგვეხმარება ამ რუკების მოძიებაში. ის ერთ-ერთი ყველაზე შეძლებული ქართველი ბიზნესმენია, პატრიოტი, რომელმაც ბატონი ბიძინა დაკვეთა მიიღო ძალიან დიდი სიხარულით", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მინისტრის თქმით, 2019 წლის 3 აპრილს, ხიდაშელის დახმარებით რუკები საქართველოში ჩამოიტანეს. ის ამ ფაქტს "სპეცოპერაციას" უწოდებს და ამბობს, რომ ხიდაშელის ქმედება მისთვის გმირობის ტოლფასია.
"3 აპრილს, ჩვენ ჩამოგვდის რუკები, ორიგინალი, რუსეთის არქივიდან წამოღებული. დაარქვით სპეცოპერაცია, რაც გინდათ დაარქვით, რეალურად ოკუპანტი ქვეყნიდან გამოვიტანეთ ეს რუკა. არ მაქვს უფლება გავამჟღავნო სხვა უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაციები, რომელიც გვაქვს. ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში ასეთი ოპერაციის დამგეგმავები, ინიციატორები და შემსრულებლები, როგორც მინიმუმ მადლობას იმსახურებენ. ჩემთვის ბატონი დავითის ქმედება გმირობის ტოლფასია", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, დავით ხიდაშელისა და რუკების წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია 7 ოქტომბერს, გიორგი თარგამაძემ თავისივე საავტორო გადაცემაში გაასაჯაროვა. წყაროს ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს რუკები ქართულ ოცნებასთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა მიაწოდა, რომელმაც ეს ინფორმაცია, თავის მხრივ, რუსეთის საგარეო დაზვერვის საიდუმლო ოფიცრის, ოლეგ მუბარაშკინის დახმარებით მოიპოვა. ხიდაშელი წლების განმავლობაში უმსხვილესი რუსული კორპორაციის სისტემას ვიცე-პრეზიდენტი იყო ინოვაციების დარგში, ხოლო მუბარაშკინი იმავე თანამდებობას იურიდიული განხრით იკავებდა. ამ კორპორაციას რუსული სპეცსამსახურები აკონტროლებენ და წამყვან თანამდებობებსაც მათი ხელდასხმული პირები იკავებენ.
ხიდაშელი მის მიმართ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს ცილისწამებას უწოდებს და ამბობს, რომ "სამშობლოს დაუბრუნა მტკიცებულებები, რომლებმაც აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების დროს მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს".
დავით გარეჯის საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები - ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ 7 ოქტომბერს დააკავა. გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".
8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
რა ვიცით დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების საქმეზე, წაიკითხეთ აქ.