საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს უსამძიმრებს.
"ძნელია მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ვაკის პარკში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი.
ამ უმძიმეს წუთებში, მთელი გულით ვიზიარებ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ.
გამოძიება უკვე დაწყებულია, დადგინდება ტრაგედიის მიზეზები და მოხდება უმკაცრესი რეაგირება."- განაცხადა ღარიბაშვილმა.
დღეს, ვაკის პარკის შადრევანში 3 ბავშვს დენმა დაარტყა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ისინი შადრევანში ბურთის ამოსაღებად იყვნენ ჩასულები.
შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
გარდაიცვალა მოზარდი, რომელსაც შადრევანში დენმა დაარტყა. ინფორმაცია ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა დაადასტურა.
მისივე ინფორმაციით, მეორე მოზარდი ბიჭის მდგომარეობა დასტაბილურდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
რაც შეეხება მესამე ბავშვს, ის იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი და როგორც ცნობილია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
მერიის განცხადებით, გუშინ, 12 ოქტომბერს ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დასრულდა.