logo
ENG



ღარიბაშვილი ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტზე: იძულებული ვიყავით, მოგვეხდინა რეაგირება

28 სექ 202314:33
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/28/s57l7w94qmyssp9.jpg

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურაზე დასმული კითხვაზე პასუხად ამბობს, რომ პრეზიდენმა დემონსტრაციულად დაარღვია კონსტიტუცია, ამიტომ "იძულებულები იყვნენ", რეაგირება მოეხდინათ. 

"როცა ადამიანი არღვევს კონსტიტუციას და დაარღვევს კანონს, ამას პატარა ბავშვიც მიხვდება, რომ ნებისმიერ კანონდარღვევაზე, რაღაცის გაფუჭებაზე, მით უმეტეს, კონსტიტუციის დარღვევაზე რეაგირება არის ვალდებულება. ანუ, ვალდებული, იძულებული ვიყავით ჩვენი გუნდი, რომ მოგვეხდინა რეაგირება, ფორმალური რეაგირება, იმიტომ, რომ ადამიანმა დემონსტრაციულად დაარღვია კონსტიტუცია. 

იმპიჩმენტზე ჩვენ ვთქვით ღიად, რომ ეს არის ფორმალური პროცედურა. იცით, რომ ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ხმები, მაგრამ ჩვენ ნდობა დაკარგული გვაქვს ამ ადამიანის მიმართ, გაუგებარია მისი ქმედებები. ყოველთვის თავს ვიკავებდი მისი საჯარო კრიტიკისგან, მიუხედავად მისი არაერთგზის გაკეთებული საკმაოდ კრიტიკული განცხადებებისა", - ამბობს ის. 

რაც შეეხება სტატუსს, ღარიბაშვილის მტკიცებით, გაუგებარია, რა კავშირშია "ადამიანის მიერ კონსტიტუციის და შესაძლო კანონის დარღვევა" ამასთან და ეს ევროპელ ლიდერებსაც უთხრა. 

"ქალბატონი სალომე რომელ ქვეყანასაც წარმოადგენს, საფრანგეთს წარმოადგენს და წარმოადგენდა, ასე დავაკონკრეტებ, ასე ვიტყოდი, უფრო კორექტული იქნება ამის თქმა, საფრანგეთის დარწმუნებაც ვერ შეძლო მან შარშან. გახსოვთ, რომ ერთადერთი, ვინც ჩვენი ქვეყნის მიმართ დასვა კითხვა გეოგრაფიის ჭრილში, იყო საფრანგეთის პრეზიდენტი. მანამდე გაგზავნილი მყავდა ქალბატონი სალომე და ამის შემდეგ მოხდა ძალიან სკეპტიკური განცხადების გაკეთება. ადამიანმა საკუთარი მეორე სამშობლოს, თუ პირველი სამშობლოს, როგორც უნდა ისე დაალაგოს, დარწმუნება ვერ შეძლო იმაში, რომ გეოგრაფია აქ აბსოლუტურად უადგილოა, ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის წევრი", - აცხადებს ღარიბაშვილი. 

***

პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. მიზეზად პარტიაში მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრება დაასახელეს, რითაც მან  "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია". 

ამას წინ უსწრებდა პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტი, სადაც ის საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებს შეხვდა. 

30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.


close დახურვა