პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირის პირობებს შეასრულებას აპირებს. ეს ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა.
ღარიბაშვილის მტკიცებით, მთავრობა ამ პირობების "დროულად" შესრულებისთვის "მობილიზებულია".
"ჩვენ მოვისმინეთ გუშინ ევროპელი ლიდერების შეფასებები, მათი დაპირება, მათი განაცხადი, რომ როგორც კი შევასრულებთ მათ მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებს, მაშინვე მიენიჭება საქართველოს კანდიდატის სტატუსი. ეს გვაძლევს ჩვენ დამატებით მოტივაციას, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში შევასრულოთ ყველა ის პირობა, ყველა ის პრიორიტეტი, რომელიც იქნა განსაზღვრული ევროკავშირის მიერ. ამისთვის ჩვენ ვართ მზად. მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი მთავრობა მობილიზებულია იმისთვის, რომ დროულად შევასრულოთ ყველა პირობა, რომელიც განსაზღვრულია ევროკავშირის მიერ იმისთვის, რომ რაც შეიძლება დროულად მივიღოთ კანდიდატის სტატუსი"- თქვა ღარიბაშვილმა.
ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - არა. საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
კომისიის რეკომენდაციაა, რომ საქართველომ მიიღოს ევროპული პერსპექტივა და გარკვეული პირობები, რომლებიც სტატუსის მინიჭებამდე უნდა შეასრულოს.