საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კვლავ ამტკიცებს, რომ საქართველოში ეკონომიკა გაიზარდა, ინფლაციის დონე კი შემცირდა.
ღარიბაშვილის თქმით, "მაშინ, როცა მსოფლიოში მაღალი ინფლაციაა, ჩვენმა პატარა ქვეყანამ, ამდენი გამოწვევის მიუხედავად" მოახერხა ინფლაციის შემცირება. მისი მტკიცებით, ეს "მთავრობის ერთობლივი მუშაობის შედეგია".
ღარიბაშვილი ამბობს, რომ ინფლაციის შემცირება "ავტომატურად აისახება სურსათზე, ტრანსპორტზე, ფასებზე".
"იანვარ-თებერვალში ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, 7.1% არის ეკონომიკური ზრდა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ შარშან გვქონდა ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა და ამის ფონზე გვაქვს საკმაოდ სოლიდური მაღალი ეკონომიკური ზრდა. იანვარში გვქონდა 8%-ზე მეტი, თებერვალში 5.8% იყო ეკონომიკური ზრდა. იმის გათვალისწინებით, რაც ხდება მსოფლიოში, ომები და უამრავი გამოწვევა, ამაზე მოგვიანებით მოგახსენებთ, ეს არის ძალიან სერიოზული მიღწევა.
მინდა გითხრათ, თუ რამ განაპირობა მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი - მშენებლობა, საფინანსო სექტორი, ვაჭრობა, ტრანსპორტი, ტურიზმი, ყველა მიმართულებით არის მაღალი აქტიურობა დაფიქსირებული.
მეორე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც მინდა საზოგადოებას გავაცნო, ეს არის ინფლაციის შემცირება. მოგეხსენებათ, ინფლაცია იყო და რჩება გამოწვევად, დღეს მთელ მსოფლიოში მაღალი ინფლაციაა, ამერიკაში, ევროპაში, ევროზონაში შარშან 2-ნიშნა ინფლაცია დაფიქსირდა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში იყო 20-25-30%-მდეც კი ავიდა, მოლდოვაში 37% იყო ინფლაცია, ამ დროს, ჩვენმა პატარა ქვეყანამ, ამდენი გამოწვევების მიუხედავად, მოახერხა, რომ შარშან იყო პიკზე, ყველაზე მაღალი ინფლაცია გვქონდა, 13%, წლის ბოლოს შევამცირეთ 9%-მდე ინფლაცია და ახლა უკვე, მარტში, 5.3%-ია ინფლაცია. თითქმის 2.8% პუნქტით არის შემცირებული, წინა თვესთან შედარებით.
მინდა განვმარტო, რას ნიშნავს ინფლაციის შემცირება ჩვენი ხალხისთვის. ეს, რა თქმა უნდა, ავტომატურად აისახება სურსათზე, ტრანსპორტზე, მედიკამენტებზე, ფასებზე, ყველაფერზე აისახება ბუნებრივია, ეს არის შედეგი ჩვენი ერთობლივი მუშაობის, მეგობრებო", - თქვა ღარიბაშვილმა.