logo
ENG



ღარიბაშვილი სტატუსზე: დიდი ოპტიმიზმით ველოდები გადაწყვეტილებას

25 ოქტ 202319:55
3 წუთის საკითხავი
 
ღარიბაშვილი სტატუსზე: დიდი ოპტიმიზმით ველოდები გადაწყვეტილებას

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას "დიდი ოპტიმიზმით" ელოდება. მისი თქმით, ამ მოლოდინის საფუძველს აძლევს მათი "გაკეთებული საქმეები, გეოპოლიტიკური მდგომარეობა" და ასევე, ითვალისწინებს უკვე დაშვებულ "პრეცედენტებს" მოლდოვა-უკრაინის მიმართ.

"საქართველომ ძალიან გამჭვირვალე პროცესი განახორციელა და ეს 12-ვე რეკომენდაცია ჩვენ მაქსიმალურად ვუპასუხეთ და ჩვენ შევასრულეთ, მაქსიმუმი გავაკეთეთ, რაც შესაძლებელი იყო ამ მოკლე პერიოდში. ეს პროცესი იყო ძალიან გამჭვირვალე, ღია. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ძალიან ბევრი, ხელისშემშლელი გარემოებები არსებობდა, ძალიან ბევრი საბოტაჟი თუ ხელოვნური ბარიერები იქნა შექმნილი ოპოზიციის მხრიდან, მაგრამ საბოლოო ჯამში, დღეს ვართ იმ მდგომარეობაში, არ მინდა, დავასწრო მოვლენებს და წინასწარ რაიმე დავაანონსო, მაგრამ ჩემი მოლოდინი არის შემდეგი:

ვითვალისწინებ, რა, ჩვენ მიერ გაკეთებულ საქმეებს, ასევე, გეოპოლიტიკურ მდგომარეობას, ვითარებას, რომელიც შექმნილია მსოფლიოში, ასევე, ვითვალისწინებ, რა, იმ პრეცედენტებს, რომელიც უკვე შეიქმნა, შარშან მოლდოვა-უკრაინას მისცეს, რომელთაც საკმაოდ დიდი ჩამორჩენა ჰქონდათ და დღესაც აქვთ საქართველოსთან შედარებით, მე დიდი ოპტიმიზმით ველოდები ჯერ 8 ნოემბრის გადაწყვეტილებას და შემდგომ, დეკემბერში იქნება საბოლოო გადაწყვეტილება", - განაცხადა მან.

24 ოქტომბერს სააგენტო Reuters-მა სამ ანონიმურ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით დაწერა, რომ ევროკომისია ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესის შეფასებას - უკრაინასთან, მოლდოვასთან და საქართველოსთან მიმართებით 8 ნოემბერს გამოაქვეყნებს. გამოცემის თანახმად, ევროკომისია უკრაინას დადებით შეფასებას მისცემს, შესაძლოა, დამატებითი პირობებით, საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით კი გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.

2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - არა. საბჭომ განაცხადა, რომ მზადაა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი მოგვარდება მთელი რიგი პრობლემებისა. 

მდგომარეობის გამოსასწორებლად ევროკავშირმა საქართველოს 12-პუნქტიანი გეგმა მისცა. 

დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუციური გაძლიერება, ანგარიშვალდებულება, მართლმსაჯულების რეფორმა, მედიის დამოუკიდებლობა - ეს იმ ძირითადი რეკომენდაციების ნაწილია, რაც საქართველომ უნდა განახორციელოს. 

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა, ისევე როგორც ევროკომისარმა ოლივერ ვარჰაიმ განაცხადეს, რომ საქართველოს მთავრობამ 12 პრიორიტეტიდან 3 შეასრულა.


close დახურვა