logo
ENG



ღარიბაშვილი შოვზე: მთავრობა ჩართული იყო პირველივე წუთებიდან

07 აგვ 202314:08
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე შოვში სტიქიის შემდეგ მიმდინარე სამძებრო-სამაშველო სამუშაოებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მთავრობა "პირველივე წუთებიდან" ჩართული იყო პროცესში - მისი თქმით, ადგილზე სრული მობილიზება ჰქონდათ.

"მთავრობა ჩართული იყო პირველივე წუთებიდან, მოგეხსენებათ. ჩვენი გმირი მაშველები, 400-მდე მაშველი იყო ჩართული სამუშაოებში, 210 ჩვენი თანამოქალაქე იქნა გამოყვანილი სტიქიის ზონიდან უვნებელი, ასევე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი გმირი ჯარისკაცები ჩაერთნენ ამ სამუშაოებში, ეხმარებოდნენ ჩვენს საამაყო, გმირ მაშვლებს.

მობილიზება იყო სრული გაკეთებული ჩვენი მხრიდან, ადგილზე იყვნენ ექიმები, ადგილზე არის მობილიზებული 100-ზე მეტი სპეციალური ტექნიკა, ბატონი ქარსელაძე თავად ხელმძღვანელობდა ამ სამუშაოებს და მინისტრები, რა თქმა უნდა, ვიყავი მობილიზებული ადგილზე", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

5 აგვისტოს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ იმ პირობების გათვალისწინებით, რაც ხეობაშია, მთავრობას სრული რესურსი ჰქონდა მობილიზებული. კობახიძემ აღნიშნა ისიც, რომ სტიქიასთან დაკავშირებით "დასკვნების გამოტანა" არ უნდა იჩქარონ. მისი თქმით, ესმის "ემოციური ფონი", თუმცა "საბოლოო ჯამში", ყველაფერი გაირკვევა.

მანამდე, პრემიერმინისტრს ჰკითხეს, რატომ არ სთხოვა ხელისუფლებამ დახმარება მეზობელ ქვეყნებს, რაზეც ღარიბაშვილმა თქვა, რომ "ამის საჭიროება არ იყო".

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე. 

ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამოცნობილია ცხედრების ნაწილი. 

ამ დრომდე კონტაქტზე ვერ გადიან 18 ადამიანთან.   


close დახურვა