logo
ENG



კობახიძე: იმ პირობების გათვალისწინებით, რაც არის ხეობაში, სრული რესურსი იყო მობილიზებული

05 აგვ 202313:13
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: იმ პირობების გათვალისწინებით, რაც არის ხეობაში, სრული რესურსი იყო მობილიზებული

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შოვში სტიქიის შემდეგ სამაშველო ოპერაციებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხეობაში არსებული პირობების გათვალისწინებით, სრული რესურსი იყო მობილიზებული. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"რაც მე ინფორმაცია მაქვს, რა შესაძლებლობაც ჰქონდა ვერტმფრენების ჩართულობით, სპეცტექნიკის ჩართულობით სამაშველო უწყებას, ყველაფერი გაკეთდა მაქსიმალურად, ყველანაირი რესურსით იყო უზრუნველყოფილი იმ პირობების გათვალისწინებით, რაც არის ზოგადად ხეობაში, ამ პირობების გათვალისწინებით სრული რესურსი იყო მობილიზებული, შესაბამისად, დაბრკოლება სამაშველო სამუშაოებს ამ თვალსაზრისით არ ჰქონიათ", - განაცხადა მან.

კობახიძემ აღნიშნა ისიც, რომ სტიქიასთან დაკავშირებით "დასკვნების გამოტანა" არ უნდა იჩქარონ. მისი თქმით, ესმის "ემოციური ფონი", თუმცა "საბოლოო ჯამში", ყველაფერი გაირკვევა.

4 აგვისტოს კითხვაზე, რატომ არ სთხოვა ხელისუფლებამ დახმარება მეზობელ ქვეყნებს, მაგალითად თურქეთსა და აზერბაიჯანს, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ "ამის საჭიროება არ იყო".

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი.

ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გზების გაწმენდის სამუშაოები ღამით დასრულდა და დღეს დილიდან გაგრძელდა.

სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს მაშველები კვლავ ეძებენ.


close დახურვა