პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სადაც გუშინ იქეიფა, ეპიდვითარება ძალიან მსუბუქია.
მისი თქმით, ქეიფამდე მან ეპიდვითარება გაზომა და შეამოწმა.
"ჩვენს მუნიციპალიტეტში, მე მანამდე გაზომილი მქონდა, შემოწმებული მქონდა, ეპიდვითარება არის ძალიან მსუბუქი, სადაც მე ვიყავი და მანამდე ძალიან ბევრი ადამიანი იყო წინასწარ გატესტილი და ყველაფერი იყო წესრიგში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, მაგიდასთან დისტანციის დაცვის ისხდნენ. საპირისისპირო ჩანს გავრცელებულ კადრებში.
"ჩვენთვის საამყარო ახალგაზრდა კაცთან, ლაქა ბექაურთან, მისი მოწვევით ვიმყოფებოდი ჩემს მშობლიურ მუნიციპალიტეტში, დედოფლისწყაროში, ორივე ვართ აღნიშნული რაიონიდან, ჩავედით სოფელში, აღვნიშნეთ ხალხთან ერთად მისი ტრიუმფალური გამარჯვება, ამის შემდეგ გაიმართა... რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა, ძირითადად სოფლის მოსახლეობა, ახლობლები და მეგობრები, თქვენ არ ვიცი რა კადრები ნახეთ, იქ იყო ჩვეულებრივი დისტანცია, ჩვენც ვისხედით დისტანციის დაცვით, მეტ-ნაკლებად, როგორც შეგვეძლო", - თქვა ღარიბაშვილმა.
"ლაშა ბექაურს რომ თქვენ დაეპატიჟეთ, არ წახვიდოდით?" - ჰკითხა მან ჟურნალისტს.
გუშინ, 7 აგვისტოს გაუარესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე ღარიბაშვილმა ხალხმრავალ სუფრაზე იქეიფა. ღარიბაშვილი სოფელ არხილოსკალოში იყო, სადაც ოლიმპიური ჩემპიონს, ლაშა ბექაურს შეხვდა.
სოფელში ათობით ადამიანი იყო შეკრებილი. არც ერთი მათგანი არ იცავდა კოვიდრეგულაციებს, არ ეკეთათ პირბადეები, არ იცავდნენ სოციალურ დისტანციას.