პარლამენტის დეპუტატის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, ის ადამიანები, ვინც ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯა, ქართულ ოცნებას მტრობენ. დეპუტატისვე თქმით, ამ პირებს სურთ, რომ ყველაფერი მმართველ პარტიას დაბრალდეს.
"აღნიშნული ფაქტი ვინც გააკეთა, და, საერთოდ, ასეთი ფაქტების ჩამდენი პირები, პირდაპირ გეტყვით, არიან ქართული ოცნების მოწინააღმდეგეები. ერთი მარტივი მიზეზია და მარტივ თეზისსაც გთავაზობთ, ვინც ამას აკეთებს მათ უნდათ, რომ ყველაფერი ეს დაბრალდეს ქართულ ოცნებას. ამის ჩამდენი პირები მტრობენ ქართულ ოცნებას. ამავდროულად, მტრობენ ჩვენს ქვეყანას და ცდილობენ, რომ ასეთი პროვოკაციული ქმედებებით ჩირქი მოსცხონ ქართულ ოცნებას და მის სახელმწიფოს, რომელსაც საქართველო ჰქვია", — განაცხადა დეპუტატმა.
6 ივლისს ძალადობრივი აქციის წევრებმა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯა და დაწვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციამ სოლიდარობის აქციის მონაწილეები ადგილიდან გაიყვანა, ხოლო ძალადობრივი კონტრაქციის წევრები პარლამენტთან მიუშვა. დროშის ჩამოგლეჯისას სამართალდამცავებს ხელი არ შეუშლიათ.
პოლიციამ ძალადობრივი კონტრაქციის 100 მონაწილე დააკავა, მათგან 68 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. გარდა ამისა, მედიის წარმომადგენლებზე ძალადობისთვის კიდევ 4 პირი დააკავეს.