logo
ENG



ყაზახეთის პრეზიდენტი დონეცკსა და ლუჰანსკს კვაზისახელმწიფოებს უწოდებს

18 ივნ 202210:40
3 წუთის საკითხავი
 

ყაზახეთის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომარტ ტოკაევი რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებს კვაზისახელმწიფოებს უწოდებს. ამის შესახებ ტოკაევმა სანქტ-პეტერბურგში ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომელსაც პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც ესწრებოდა.

უკრაინაში მიმდინარე "სპეცოპერაციასთან" დაკავშირებით, როგორც უწოდებენ მას რუსეთში, ყაზახეთის პრეზიდენტს კითხვას კრემლის პროპაგანდისტმა ჟურნალისტმა, მარგარიტა სიმონიანმა დაუსვა.

ტოკაევის განმარტებით, გაეროს წესდებაში არის ორი პრინციპი, რომელიც ამჟამად წინააღმდეგობაში მოდის ერთამენთთან - სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და ერის უფლება თვითგამორკვევაზე.

"გაეროს დამფუძნებელმა მამებმა, როგორც ჩანს, თავის დროზე ეს ვერ გაითვალისწინეს. შეიძლება, სპეციალურადაც შეიტანეს, როგორც ორი პრინციპის კომპრომისი, რომელიც ახლა ერთმანეთს ეწინააღმდეგება. შესაბამისად, რადგანაც არსებობს წინააღმდეგობა, არსებობს განსხვავებული მოსაზრებებიც. ერთნი ამბობენ, რომ სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა წმინდაა, ხოლო მეორენი ამბობენ, რომ ნებისმიერ ერს, რომელიც ამა თუ იმ სახელმწიფოს შემადგენლობაშია, უფლება აქვს საკუთარ სახელმწიფოსა და თვითგამორკვევაზე.

დათვლილია, რომ თუ ერის უფლება თვითგამორკვევაზე მთელ მსოფლიოში აღსრულდება, 193 სახელმწიფოს ნაცვლად დედამიწაზე შეიქმნება 500-600 სახელმწიფო. ეს ქაოსი იქნება. ამის გამო, ჩვენ არ ვაღიარებთ არც ტაივანს, არც კოსოვოს, არც სამხრეთ ოსეთს, არც აფხაზეთს. იგივე პრინციპი იქნება გამოყენებული კვაზისახელმწიფოებრივი ტერიტორიების მიმართ, რომლებსაც, ჩვენი აზრით, ლუჰანსკი და დონეცკი წარმოადგენს", - თქვა ტოკაევმა ფორუმზე.


close დახურვა