logo
ENG



ყვარელში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაცვის პოლიციის ინსპექტორი დააკავეს

04 ოქტ 202315:32
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/04/x8somdsrexo5ukg.jpg

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყვარლის რაიონში განზრახ მკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს ინსპექტორი დააკავეს.

უწყების განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ოქტომბერს, ღამის საათებში, ყვარლის რაიონში დაცვის პოლიციის ინსპექტორი თ.ო. ნაცნობ პირებთან ერთად სუფრაზე იყო, სადაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კონფლიქტი წარმოიშვა.

"დაცვის პოლიციის ინსპექტორმა, ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე გასროლა განახორციელა, რა დროსაც, მიყენებული დაზიანებების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა გ.გ. ხოლო მეორე მოქალაქემ სხეულის დაზიანება მიიღო. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქმეზე გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩაატარეს. მათ შორის ამოღებულ იქნა დანაშაულის ჩადენის იარაღი", - ნათქვამია განცხადებაში.

საგამოძიებოს ცნობით, დაკავებულს ბრალდება 48 საათში წარედგინება. დანაშაულის სასჯელის ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა