logo
ENG



ყველა კლინიკამ გამოთქვა მზადყოფნა - პრემიერი კერძო კლინიკის დირექტორებს შეხვდა

19 მარ 202017:12
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერ მინისტრი კლინიკების დირექტორებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს მუშაობის გეგმა. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები საგრძნობლად გაიზრდება, გავრცელებული ინფორმაციით მუშავდება რამდენიმე სახის გეგმა. 30-მდე კერძო კლინიკის დირექტორი ესწრებოდა შეხვედრას, რომელთა თქმით ისინი მზად არიან სივრცე დაუთმონ ინფიცირებულებს.

ცნობილია ისიც, რომ საჭიროების შემთხვევაში კლინიკებს 48 საათით ადრე მიეწოდებათ ინფორმაცია, რათა მოხდეს ობიექტის დაცლა.

"ყველა კლინიკამ გამოთქვა თავისი მზადყოფნა, რომ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს სახელმწიფოს. ჩვენი კლინიკა 220 საწოლიანია და გვაქვს 30 მართვის აპარატი. ასევე ყველასთან ჟანგბადია მიყვანილი და ხვალ რომ მოხდეს ფორს მაჟორი, კლინიკას შეუძლია ასეთი პაციენტების მიღება",-აღნიშნა ნინო კუზანოვამ.

ცნობილია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოს მასშტაბით 1000 საწოლს ამზადებს. რაც შეეხება ჯამურ რაოდენობას, ამირან გამყრელიძის თქმით დღეს საქართველოს კლინიკებს 12 000-მდე პაციენტის მიღება შეუძლია.

"იცით, რომ თუ სიტუაცია გაუარესდა, გამოყოფილია სახელმწიფო კლინიკები და წამყვანი ინფექციური საავადმყოფოები. თუ გახდა საჭირო უკვე მეორე ეტაპის, მაშინ დიდი პოლიფროფილური კერძო კლინიკების ჯერი მოვა, სადაც სრული მზაობაა. ჩვენ გვაქვს დაახლოებით 12 000-მდე საწოლი ქვეყანაში, რაც შესაძლებელია გამოვიყენოთ",-აცხადებს ამირან გამყრელიძე.


close დახურვა