logo
ENG



ყველაზე მეტი აცრა თბილისში, ყველაზე ნაკლები კი რაჭაში ჩატარდა - ვაქცინაციის სტატისტიკა

30 ნოე 202116:22
3 წუთის საკითხავი
clock 933
ყველაზე მეტი აცრა თბილისში, ყველაზე ნაკლები კი რაჭაში ჩატარდა - ვაქცინაციის სტატისტიკა

30 ნოემბრის მონაცემებით, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით სრულად აცრილია 998 613 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 35%-ს შეადგენს. სულ მცირე 1 დოზით კი 1 156 998 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 40.7% აიცრა. 

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის იანვარში, ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინაციის ეროვნული გეგმა წარადგინა. გეგმის მიხედვით, 2021 წლის ბოლომდე საზოგადოებრივი იმუნიტეტის შექმნისთვის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ზრდასრული მოსახლეობის 60%, ანუ 1.7 მილიონი ადამიანი უნდა აცრილიყო. 2021 წლის მე-11 თვის ბოლოს კი ვაქცინის 2 დოზით მოზრდილი მოსახლეობის 35%, ანუ 998 613 ადამიანია აცრილი.

ამ დროისთვის საქართველოში სულ 2 170 057 აცრაა ჩატარებული. ბოლო 24 საათის განმავლობაში 13 603 ადამიანი აიცრა.

ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აცრების საერთო რაოდენობიდან ყველაზე მეტი - 44.4% დედაქალაქში ჩატარდა, ყველაზე ნაკლები - 0.98% კი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში.

30 ნოემბრის მონაცემებით, რეგიონების მიხედვით ჩატარებული აცრების პროცენტული გადანაწილება ასე გამოიყურება:

  • თბილისი - 963 644 დოზა - 44.4%;
  • იმერეთი - 260 210 დოზა - 11.99%;
  • აჭარა - 239 714 დოზა - 11.05%;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 163 063 დოზა  7.51%;
  • ქვემო ქართლი - 127 557 დოზა – 5.88%;
  • კახეთი - 122 854 დოზა – 5.66%;
  • შიდა ქართლი - 114 833 დოზა – 5.29%;
  • გურია - 68 755 დოზა – 3.17%;
  • სამცხე-ჯავახეთი - 47 524 – 2.19%;
  • მცხეთა-მთიანეთი - 40 698 დოზა – 1.88%;
  • რაჭა ლეჩხუმი- ქვემო სვანეთი - 21 205 დოზა – 0.98%; 

სულ 2 170 057 დოზა.

აღსანიშნავია, რომ წინა თვეებთან შედარებით ნოემბერში გაზრდილია ვაქცინაციის ტემპი, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, პირდაპირ კავშირშია 200-ლარიანი წამახალისებელი პროგრამის ამოქმედებასთან. 

NCDC-ის ინფორმაციით, 60 წელს გადაცილებულთათვის აცრის შემთხვევაში ერთჯერადი ფულადი ვაუჩერის დაწესების შემდეგ საქართველოს ყველა რეგიონში ამ ასაკობრივ ჯგუფში აცრის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მაგალითისთვის, თუ შევადარებთ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აცრაზე მიმართვიანობას აცრის წამახალისებელი ვაუჩერის დაწესებამდე (29 ოქტომბერი - 7 ნოემბერი) და მისი დაწესების შემდეგ (8-17 ნოემბერი), ვნახავთ, რომ ჯამში 1 დოზით აცრაზე 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანების მიმართვიანობა მთელ საქართველოში 332.41%-ით გაიზარდა.

აცრაზე მიმართვიანობა 60 წელს გადაცილებულთა ჯგუფში ყველაზე მეტად შიდა ქართლში გაიზარდა. ამ ასაკობრივ ჯგუფში, 8-17 ნოემბერს პირველი დოზით 697.39%-ით მეტი ადამიანი აიცრა, ვიდრე 29 ოქტომბერი - 7 ნოემბერის პერიოდში.

გთავაზობთ ამ ორ პერიოდს შორის აცრაზე მიმართვიანობის პროცენტულ ზრდას რეგიონების მიხედვით:

  • შიდა ქართლში - გაიზარდა 697.39%-ით.
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში - გაიზარდა 586.11%-ით;
  • გურიაში - გაიზარდა 568.18%-ით;
  • სამეგრელო და ზემო სვანეთში - გაიზარდა 452.03%-ით;
  • მცხეთა-მთიანეთში - გაიზარდა 432.14%-ით;
  • ქვემო ქართლში - გაიზარდა 397.46%-ით;
  • კახეთში - გაიზარდა 339.66%-ით;
  • იმერეთში - გაიზარდა 324.21%-ით;
  • აჭარაში - გაიზარდა 296.24%-ით;
  • სამცხე-ჯავახეთში - გაიზარდა 280.58%-ით;
  • თბილისში - გაიზარდა 240.42%-ით;

ამასთანავე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ 200-ლარიანი წამახალისებელი პროგრამის ამოქმედების შემდეგ, 20-21 დღეში 60 წელს ზემოთ 51 757 ადამიანი აიცრა. 

მისივე ინფორმაციით, გუშინ აცრილი 13 603 ადამიანიდან, 70% პირველი დოზით აცრა იყო, მათი ნახევარზე მეტი (52%) კი 60 წელს ზემოთ მოქალაქე იყო. 

***

შეგახსენებთ, რომ საქართველოში აცრა სინოფარმის, სინოვაკის და ფაიზერის ვაქცინებითაა შესაძლებელი. ფაიზერით ვაქცინაცია დასაშვებია 12 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის.

მთავრობის პროგრამით, 60 წელს გადაცილებული მოქალაქე, 31 დეკემბრამდე კორონავირუსზე პირველი დოზით აცრის შემთხვვაში ერთჯერად 200-ლარიან დახმარებას მიიღებს. 

ცნობისთვის, 30 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 050 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 80 ადამიანი გარდაიცვალა.  

კორონავირუსზე აცრა იცავს სიკვდილისგან. ვაქცინა არ არის 100%-იანი გარანტია იმისა, რომ კორონავირუსით არ დაინფიცირდებით, თუმცა, ადამიანი დაცულია დაავადების გართულებისგან. 

ასევე, მასობრივად აცრის შემთხვევაში გაწყდება ვირუსის გადადების ჯაჭვი. 

აცრა უსაფრთხოა ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის.

ასაცრელად დარეგისტრირდით booking.moh.gov.ge-ზე. 

აცრა შესაძლებელია ცოცხალი რიგითაც, ასევე, რეგისტრაციაში დაგეხმარებიან იუსტიციის სახლებში. 


close დახურვა