"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა სასამართლოს განაჩენს პარტიის ოფისში ელოდება. ოფისში მასთან ერთად პარტიის სხვა ლიდერებიც იმყოფებიან, მათ შორის გიგა ბოკერია და დავით ბაქრაძე.
როგორც ბოკერიამ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ოპოზიცია ყველა სცენარისთვის მზად არის.
"ივანიშვილმა გამოაცხადა, დაიმუქრა, რომ ლიდერებს ჩასვამს ციხეში. უგულავა რომ ერთ-ერთი პირველი სამიზნეა, ეს ყველამ ვიცით. მოეგება გონს და ამას არ იზამს, თუ გააგრძელებს აგონიას და ასლან აბაშიძის სტილში მოქმედებს და შემდგომ დაპატიმრებებს პოლიტიკური ლიდერებს, ჩვენ ყველანაირი სცენარისთვის ვართ მზად", - აღნიშნა ბოკერიამ.
უგულავას განაჩენის მოლოდინშია პარტიის კიდევ ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე, რომელიც ხელისუფლებას აფრთხილებს და იმ საფრთხეებზე მიანიშნებს, რომელიც უგულავას დაჭრას ახლავს თან. ბაქრაძე იმედს იტოვებს, რომ ხელისუფლება გონს მოეგება და პოლიტიკური ლიდერების დევნას აღარ გააგრძელებს.
"მინდა ხელისუფლებამ იცოდეს, რომ უგულავას დაპატიმრება იქნება იმ რუბიკონის გადალახვა, რომლიდანაც უკან ვეღარ დაბრუნდება, ეს იქნება ნაბიჯი, რომელიც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ისედაც უმჯობეს პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში, ასევე ზიანს მიაყენებს ოპოზიცია-ხელისუფლების დიალოგს. იმედს ვიტოვებ, რომ ხელისუფლებას ეყოფა საღი აზრი არ დაიზიანოს საკუთარი თავი. უგულავას არაფრის ეშინია და არსად არ მიდის", - ამბობს ბაქრაძე.
დააბრუნებენ თუ არა ციხეში ოპოზიციური პარტიის ლიდერს ეს შესაძლოა დღეს გახდეს ცნობილი. საქმეს უზენაესი სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს. პროცესს მხარეები არ დაესწრებიან.
პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავება. საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს. საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ამ საქმეზე იმსჯელა, თქვა, რომ არ ყოფილა თანხის მითვისება და საქმე მხოლოდ თანამდებობის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეხებოდა. ამ მუხლით გიგი უგულავა საქალაქო სასამართლომ გაამტყუნა, ერთი წლით და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა, რაც უგულავას უკვე მოხდილი აქვს.