logo
ENG



ყირიმსა და რუსეთს შორის დამაკავშირებელ ერთადერთ ხიდზე აფეთქება მოხდა

08 ოქტ 202211:01
3 წუთის საკითხავი
 

8 ოქტომბერს, გამთენიისას ანექსირებული ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ ხიდზე აფეთქება მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი სატვირთო მატარებელს გაუჩნდა, ნაწილობრივ ჩამოინგრა საავტომობილო გზაც. ხიდზე მოძრაობა შეჩერებულია, ხოლო ავტომობილებისთვის ბორნებით გადასასვლელს ამზადებენ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სამთავრობო კომისიის შექმნის დავალება გასცა. მთავრობაში აცხადებენ, რომ ხიდს მალე აღადგენენ. ხიდზე აფეთქებას გამოეხმაურნენ უკრაინის ხელისუფლებიდანაც. "ყირიმი, ხიდი, დაიწყო. ყველაფერი უკანონო უნდა დაინგრეს, ყველაფერი მოპარული - დაუბრუნდეს უკრაინას, ყველაფერი ოკუპირებული რუსეთის მიერ - განიდევნოს", - დაწერა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა, მიხაილ პოდოლიაკმა.

ყირიმის რკინიგზაში ამტკიცებენ, რომ " ცეცხლი სატვირთო მატარებლის ბოლოში, საწვავის ავზს გაუჩნდა", შემთხვევის მიზეზები დგინდება.

ლოკომოტივი ვაგინების ნაწილით ქერჩის სადგურზე გადაიყვანეს. ცისტერნის აფეთქების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ანექსირებული ყირიმის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლეგ კრიუჩენკომ. მისი თქმით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამასთან, ეროვნულ ანტიტერორისტულ კომიტეტში გამოცემა RBK-ს განუცხადეს, რომ "ააფეთქეს სატვირთო მანქანა", რის გამოც სატვირთო მატარებლის შვიდი ცისტერნა აფეთქდა.

ხიდის აფეთქებაში ანექსირებული ყირიმის ხელისუფლება უკრაინას ადანაშაულებს. ე.წ. პარლამენტის ხელმძღვანელი, ვლადიმირ კონსტანტინოვი ამბობს, რომ გზა "უკრაინელმა ვანდალებმა" დააზიანეს. უკრაინის ხელისუფლებას პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ აუღია.

ხიდის მშენებლობა, რომელიც ყირიმსა და კრასნოდარის მხარეს აკავშირებს ერთმანეთთან, ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ დაიწყეს. 2018 წელს ხიდზე საავტომობილო გზა გაიხსნა, ხოლო 2019 წელს მატარებელმა დაიწყო გადაადგილება.


close დახურვა