რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, ქალაქ საკის მახლობლად სამხედრო აეროდრომის მიდამოში აფეთქებები მოხდა, გამოწვეული ხანძრის შედეგად იწვის საბრძოლო მასალის საწყობები. ამის შესახებ ინფორმაციას Crimea Today აქვეყნებს.
"პირველი აფეთქება დაახლოებით 15:20 წუთზე გაისმა, სულ ათია. დაზიანდა მეზობელი სახლები."
ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ სასწრაფო დახმარების მანქანების დიდი რაოდენობა ევპატორიიდან ნოვოფედორივკისკენ მიემართებოდა. აფეთქების ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანები გაგზავნეს.
ტურისტებმა, ისევე როგორც ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა, მასობრივად ნოვოფედოროვკის დატოვება დაიწყეს.
აღსანიშნავია, რომ ყირიმში აფეთქებები ოკუპანტების საჰაერო ბაზაზე მოხდა, საიდანაც თვითმფრინავები ზაპოროჟიეს, ნიკოლაევისა და ხერსონის რეგიონების დასაბომბად მიფრინავდნენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ საკის აეროდრომის ტერიტორიაზე, შეფუთულ შესანახ ობიექტზე, რამდენიმე საავიაციო საბრძოლო მასალის დეტონაცია მოხდა.
"ადგილიდან მიღებული ინფორმაციით, აეროდრომზე საბრძოლო მასალის შეფუთულ სათავსოზე ცეცხლის ზემოქმედება არ მომხდარა."- ირწმუნება რუსეთის თავდაცვა.
ოფიციალური კომენტარი უკრაინულ მხარეს ჯერ არ გაუკეთებია.
საკის აეროდრომი ნოვოფედოროვკას მახლობლად, ყირიმში რუსული ავიაციის ერთ-ერთი მთავარი აეროდრომია.
იქ განლაგებულია რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების 43-ე გამანადგურებელი საავიაციო პოლკი, რომელიც ძირითადად შედგება Su-30SM, Su-33 თვითმფრინავებისა და Su-24M ბომბდამშენებისგან.