ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იმაზე უფრო სუსტადაა, ვიდრე აქამდე იყო. როგორც მან განაცხადა, გაუარესებულია ტესტების პასუხებიც.
"დღეს მივიღეთ ტესტები პასუხები და კონსილიუმთან გავიარეთ ყველა პარამეტრები. წინა კონსილიუმთან შედარებით, რომელიც იყო დაახლოებით ერთი კვირის წინ, რეზულტატები უარესია. პრეზიდენტი უჩივის გულის ფრიალს, უფრო მეტად სუსტია ვიდრე იყო ადრე და ა.შ. საგანგაშო მდგომარეობა შეიძლება ყოველ წუთას მოვიდეს. მე ზუსტად ვერ გეტყვით, რადგან ძალიან არასტაბილური სიტუაციაა", - აღნიშნა ყოფილი პრეზიდენტის პირადმა ექიმმა.
მისივე თქმით, სააკაშვილმა უკვე დაკარგა თავისი წონის 10 პროცენტი, რაც საშიში ვითარებაა. შემდეგი კონსილიუმი კი პარასკევს გაიმართება.
ქართული ოცნების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკვე 34-ე დღეა, ციხეში შიმშილობს.
ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა ჯანდაცვის ექსპერტებისგან შემდგარი ექიმების ჯგუფმაც.
სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და დაადგინა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.
მიუხედავად ამისა, მთავრობის წევრები, მათ შორის, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია და საჭირო სამედიცინო დახმარებას ექს-პრეზიდენტი ციხის საავადმყოფოში მიიღებს.