logo
ENG



ყურაშვილი: დაღუპულების მიტოვების თემა ცილისწამებაა, ერთი თვის თავზე ყველა გამოყვანილი იყო

19 დეკ 202213:05
3 წუთის საკითხავი
 

გენერალი მამუკა ყურაშვილი ამბობს, რომ აგვისტოს ომის დროს დაღუპულების მიტოვების შესახებ განცხადებები ცილისწამებაა. 2008 წელს ყურაშვილი საქართველოს სამშვიდობო ძალების სარდალი იყო. კვირის ფორმულასთან ინტერვიუში ყურაშვილმა განაცხადა, რომ ერთი თვის თავზე ყველა დაღუპული გამოყვანილი იყო.

"ყოვლად მიუღებელია, ერთ-ერთი იყო, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ და ღამის ცხინვალი გავაღვიძეთ. გამოჩნდა, ვინ გააღვიძა. ბოლო რაც დარჩა, ეს ყბადაღებული თემა დაღუპულების მიტოვებასთან დაკავშირებით - სრული ცილისწამებაა. ერთი თვის თავზე ყველა გამოყვანილი იყო. ოპერაციას ვხელმძღვანელობდი პირადად მე, ჩემი პირადი თხოვნით, ამაში ჩართული იყო ჩემი ბავშვობის მეგობარი კოტე ყიფიანი. კოტე ყიფიანმა მოახერხა გორში კომუნიკაცია [ვიაჩესლავ] ბორისოვთან, სამხედროებს ჩვენ არ ვენდობოდით და სახალხო დიპლომატიის მხრიდან შემოვედით და პირველი ეტაპი მთლიანად კოტეს ხელმძღვანელობით იყო. ამას კურირებდა გაერთიანებული შტაბის უფროსი გენერალი ზაზა გოგავა. შეუთანხმებლად ნაბიჯს არ ვდგამდი ისევე, როგორც საქმის კურსში იყო თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი. უშუალო კონტროლზე იყო. მიუხედავად იმისა, რომ ყველა დაღუპულის თავისი მეთაური ჰყავს, იყო პასუხისმგებლობა. ჩვენი დაღუპულები უნდა გამოგვეყვანა", - განაცხადა ყურაშვილმა.

მისივე თქმით, დაღუპულების გამოყვანის მეორე ეტაპზე ჩაერთო საპატრიარქო და უშუალოდ პატრიარქო. როგორც ყურაშვილი ამბობს, დღეს არის მცდელობა ეს პროცესი გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას მიაწერონ, რომელიც ახლა ქართული ოცნების რიგებშია და პარლამენტის დეპუტატია. უფრო მეტიც, ყურაშვილი აღნიშნავს, რომ ჩაჩიბაიას რამდენიმე კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი.

"მას არაფერი გაუკეთებია. გენერალი ჩაჩიბაიას კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი - თუ როგორ აღმოჩნდა საერთოდ გორში 18 აგვისტოს და რატომ აცვია სამოქალაქო ფორმა. გენერალმა ჩაჩიბაიამ უნდა დაასახელოს უშუალო სამხედრო მეთაური, ვისი ბრძანებით იყო იქ მივლინებული და საომარი მოქმედებების დროს, ვისი ბრძანებით გაიხადა სამხედრო ფორმა და როგორ ამოეფარა პატრიარქის კაბას. რატომ ჩააყენა პატრიარქი დარტყმის ქვეშ და არანაირი დაცვა პატრიარქს არ სჭირდებოდა. მეორე, ბორისოვმა და FSB-მ ვერ იცნო ჩაჩიბაია? რა თანამდებობაზეა - განათლების დეპარტამენტის სარდალი, რომელიც ოპერატიულ დაქვემდებარებაში იყო ჩემთან. მე ბრძანება არ გამიცია. გენერალ გოგავას არ გაუცია ბრძანება. თავდაცვის მინისტრს ბრძანება არ გაუცია და არც ერეოდა სამხედროების საქმეში, გადამკვდარი იყო და როგორც უბრალოდ ჯარისკაცი დარბოდა იქ თავდაცვის მინისტრი. ვისი ბრძანებით აღმოჩნდა იქ? არის ფოტო, სადაც არის ბორისოვი, კათოლიკოს პატრიარქი და გვერდზე უდგას ჩაჩიბაია", - განაცხადა ყურაშვილმა.

16 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით გამოძიების ეტაპი დასრულდა. პროკურორ კარიმ ხანის თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეების გარდა, მისი ოფისი აღარ გააგრძელებს გამოძიებას ახალი მიმართულებით საქართველოს სიტუაციის ფარგლებში სხვა პირთა სავარაუდო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან ან სხვა ქმედებებთან დაკავშირებით. 

ამავე დროს, აღნიშნული გამოძიების შედეგად, 2022 წლის 30 ივნისს პირველმა წინასასამართლო პალატამ სამი ეჭვმიტანილი პირის დაპატიმრების ორდერები გამოსცა. ესენია: ბ-ნი მიხაილ მაირამოვიჩ მინძაევი, ბ-ნი გამლეტ გუჩმაზოვი და ბ-ნი დავიდ გეორგიევიჩ სანაკოევი.


close დახურვა