შაბათის ფორმულას ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ ფაილებში საუბარია ისეთ მძიმე ფაქტებზე, როგორიცაა სასულიერი პირების სექსუალური კავშირები ან მიმოწერა არასრულწლოვნებთან, ასევე წამლის საზღვარზე შემოტანა - სხეულით.
ე.წ. სუს-ის ფაილების მიხედვით, 2018 წლის 4 ნოემბერს, ერთ-ერთი სასულიერო პირი, მეუფე მიქაელი, რომელიც საქართველოს მართლმორწმუნე ქრისტიანეთა რეფორმატორული ეკლესიის დამფუძნებელია, დაუკავშირდა არასრულწლოვანს და მასთან და მის მეგობართან, სუს-ის თქმით, "არატრადიციული, უხეში სექსუალური აქტის დამყარების და ორალური სექსის" სურვილი გამოხატა. სუსი ამ საუბარს აყურადებს და ერთადერთი დასკვნა რაც გამოაქვს, არასრულწლოვნების შესწავლაა. სუს-ის თანამშრომლებს წერენ, რომ მომავალში მათ ინტერესებში შესაძლო გამოყენებისთვის, მიზანშეწონილად მიაჩნიათ ბიჭების ოპერატიული შემოწმება-შესწავლა. დოკუმენტში არის არასრულწლოვნების სურათები და პირადი ნომრები.
მეუფე მიქაელთან დაკავშირებით საპატრიარქომ განცხადება დაახლოებით ერთი წლის წინ გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ მან სასულიერო ცხოვრება მართლმადიდებელ ეკლესიაში რუის-ურბნისის ეპარქიაში დაიწყო. თუმცა, ამჟამად არ ირიცხება მათ რიგებში.
ცხვარიჭამიაში პირმისაშვილი დედასთან და მორჩილთან ერთად ცხოვრობს. ამბობს, რომ მრევლი ხშირად სტუმრობს. ბევრი მათგანი კი მცირე მეურნეობის მოვლაში ეხმარება. პირმისაშვილის თქმით, სწორედ მეუფის მიხმარება იყო ე.წ. სუს-ის ფაილებში ნახსენები არასრულწლოვნების სამი წლის წინანდელი სტუმრობის მიზანი.
ფაილების მიხედვით პედოფილიაში ბრალი სამების ტაძარში მოღვაწე სასულიერო პირსაც ედება. მასზე წერია, რომ შეყვარებულია სკოლის მოსწავლე ბიჭზე. მასთან რამდენჯერმე დაეძაბა ურთიერთობა და თვითმკვლელობაც კი სცადა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევისას კი, ყელის გამოჭრით დაემუქრა ბიჭის შეყვარებულ სკოლის მოსწავლე გოგონას.
ფაილებში მითითებულია, რომ სამებაში ფარული ჩანაწერების გაკეთების მომენტისთვის მსახურობდა რამდენიმე სასულიერო პირი, რომლებიც შემჩნეულები არიან, როგორც სუს-ი მოიხსენიებს "არატრადიციულ" სექსუალურ კავშირებში, ერთ-ერთი კი წარსულში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის იყო ნასამართლევი. სუსი რამდენიმე სასულიერო პირს კელიებშიც უთვალთვალებს, სადაც ისინი ნარკოტიკულ საშუალება ნიანგს, ე.წ. კრაკადილს ამზადებენ და მოიხმარენ. ერთ-ერთ სასულიერო პირს კი აფხაზეთიდან ნარკოტიკების შემოტანაც ბრალდება.
პედოფილიის, ნარკომანიის და რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის გარდა, მასალებში არის ისეთი ფაილებიც, სადაც დეტალურად არის აღწერილი სასულიერო პირების ჰეტეროსექსუალური კავშირები. დოკუმენტებში საუბარია მაღალი იერარქიის პირებზეც, რომლებსაც ინტიმური კავშირი აქვთ მათსავე ეპარქიაში მყოფ მონაზნებთან და მრევლთან.