logo
ENG



შაბათის ფორმულა: გიორგი სიგუა ამბობს, რომ ჯემფესტი საპატრიარქომ დააფინანსა

24 აპრ 202120:30
3 წუთის საკითხავი
 

ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი სიგუა შაბათის ფორმულასტან ინტერვიუში აცხადებს, რომ მის მიერ ორგანიზებული მუსიკალური ფესტივალი ჯემფესტი საპატრიარქომ დააფინანსა. მისივე თქმით, იყვნენ ეპისკოპოსებიც, რომლებიც ფესტივალზე კლუბური ნარკოტიკის გაყიდვით დაინტერესდნენ.

ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი კაზანტიპი, რომელიც საქართველოში 2014 წელს ჩატარდა, მაშინ საპატრიარქოს ქადაგებების, გამოსვლებისა და კრიტიკის მთავარი ობიექტი გახდა. გარყვნილება, თავაშვებულობა, ცოდვა - ასე უწოდებდნენ სინოდის წევრები ფესტივალს და მის ჩაშლას მოითხოვდნენ. 

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი რომელიც, კაზანტიპის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, იხსენებს როგორ გააგზავნა ახსნა-განმარტებისთვის საპატრიარქოში მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და როგორ მოხვდა ის საპატრიარქოს მდივნის, შორენა თეთრუაშვილის მიერ ორგანიზებულ სინოდის შეხვედრაზე. 

შეხვედრას გიორგი სიგუას თქმით, სინოდის რამდენიმე წევრი ესწრებოდა, მათ შორის ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპისკოპოსი თეოდორე და ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, რომლებიც კაზანტიპზე განსაკუთრებით მკაცრ საჯარო განცხადებებს აკეთებდნენ. სინოდის წევრებთან ხელმეორე შეხვედრა გიორგი სიგუამ საკუთარი ინიციატივით სცადა, როცა უკვე ახალი ფესტივალი ჯემფესტი დააარსა და დაფინანსების მოპოვებას ცდილობდა. 

გიორგი სიგუა ყვება, რომ მეღვინეობა ხარებას ოფისიდან პირველ ჯერზე რამდენიმე ასეული ათასი დოლარი ნაღდი ფული გაიტანა. მისი ინფორმაციით, სწორედ კომპანიის მფლობელებს ძმებ ხარებავებს დაავალა მეუფე გერასიმემ ჯემ ფესტისთვის ფულის გადახდა. ხარებავები სნოში წილებს ფლობდნენ, სნოს დამფუძნებელი და დიდი წილის მფლობელი იყო საპატრიარქო, შესაბამისად ჯემფესტის ბიზნესში გიორგი სიგუას პარტნიორი საპატრიარქო გახდა. 

სნოს, მეღვინეობა ხარებასა და საპატრიარქოს კავშირებს საჯარო რეესტრის მონაცემებიც ადასტურებს. საპატრიარქოს მწვავე პოზიცია ჯემ ფესტს აღარ მოჰყოლია. ფესტივალი 2015 წლიდან სამი წლის განმავლობაში ჩატარდა. 


close დახურვა