logo
ENG



შაბათის ფორმულა: გლდანის ციხეში 40 დღე პატიმარი შიმშილობდა, ის გარდაიცვალა

20 ნოე 202121:02
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, გიორგი ფასიეშვილი, 35 წლის პატიმარი, რომელმაც 40 დღე ციხეში შიმშილობდა, გარდაიცვალა. 

2018 წლის ივლისს, თბილისში, მეტროსადგურ ღრმაღელის მიმდებარე ტერიტორიაზე შელაპარაკება მოხდა. გიორგი ფასიეშვილი გიორგი თავართქილაძეს მჭრელი საგნით სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობა მიაყენა. ის 19 დღეში დააკავეს და გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. პატიმარმა შიმშილობა მალევე დაიწყო. 

ფასიეშვილის დედის თქმით, შვილს განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ, თუმცა ის მუხლს არ ეთანხმებოდა, რადგან ჭრილობა მძიმე არ იყო. 

მოშიმშლე პატიმრის მდგომარეობა თანდათან დამძიმდა და ის გლდანის ციხიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

პატიმარი მალე იმდენად კრიტიკული გახდა, რომ მისი ჯანმრთელობის მართვა გლდანის მე-18 პენიტენციურმა დაწესებულებამ ვეღარ შეძლო. ამიტომ ის ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამოქალაქო კლინიკაში 15 დეკემბერს მოთავსებული კაცი, ზუსტად ორ დღეში გარდაიცვალა. 

ოჯახს დღემდე სჯერა, რომ არა დაგვიანებული რეაგირება, პატიმარი ახლა ცოცხალი იქნებოდა. გიორგი ფასიეშვილის დედა იმასაც ყვება, რომ მისმა შვილმა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა რამდენჯერმე თავადვე ითხოვა.

35 წლის  პატიმრის გარდაცვალების ფაქტის მიჩქმალვას სახელმწიფო დიდხანს ცდილობდა. მეტიც, შიმშილობის დაწყების შესახებ, პენიტენციურმა სამსახურმა სახალხო დამცველს 40 დღის განმავლობაში, არცერთხელ აცნობა. ომბუდსმენმა საკითხში გარკვევა კაცის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო და ამ პროცესში ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოება გამოიკვეთა.


close დახურვა