შაბათის ფორმულას ინფორმაციით, სოციალურ ქსელებში დიდი ხნის განმავლობაში თაღლითური ჯგუფი მოქმედებს და მოქალაქეებს მართვის მოწმობებს სთავაზობს. თაღლითურ სქემაში ყველაფერი ისეა აწყობილი, რომ მაქსიმალურად რეალური იყოს. თაღლითები იყენებენ პოლიციის ვებგვერდის ანალოგს, აქვთ ტელეგრამ ჯგუფიც.
კერძოდ, ტელეგრამში, არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტის ანალოგიური დასახელების მქონე ჩატი - MODGOV_INFO. მას ბევრი მოხმარებელი ჰყავს, რომლებსაც ბაზაში გატარებული მოწმობების დამზადებას 1500 ლარად სთავაზობენ.
შაბათის ფორმულამ საგამოძიებო ექსპერიმენტიც ჩაატარა. ჩატში გასაუბრების შემდეგ, დაგვიკავშირდა კაცი თორნიკე თოდრიას სახელით და მართვის მოწმობის აღების პირობები შემოგვთავაზა. ტექსტი ყველა შემთხვევაში უცვლელია
დაპირებული 5 დღის ნაცვლად, შაბათის ფორმულას ჟურნალისტს 2 დღეში დაურეკეს და უთხრეს, რომ მართვის მოწმობა მზად იყო. გვკითხეს მისამართი თუ სად ჩავიბარებდით მოწმობას და მოგვწერეს კურიერის პირადი მონაცემები. წინასწარ შეთანხმებულ მისამართზე, სადაც კურიერს უნდა შევხვედროდით, არავინ მოვიდა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ადამიანი და ავტომობილი, რომელსაც მოწმობა უნდა მოეტანა, საერთოდ არ არსებობს. ჯგუფის ადმინისტრატორი ჟურნალისტისგან თანხის მეორე ნაწილის ჩარიცხვას ითხოვდა. მისი თქმით, მხოლოდ ამის შემდეგ გადმოგვცემდნენ მოწმობას.
გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ ჩატში, პოლიციელის ფოტოები და პირადი მონაცემები გამოაგზავნეს. კლიენტების შეცდომაში შესაყვანად მიუთითეს, რომ ამ კონკრეტულ სამართალდამცველსაც მათ დაუმზადეს პოლიციის ბაზაში გატარებული მართვის მოწმობა. შაბათის ფორმულა ხსენებულ პირს დაუკავშირდა, თავიდან გვესაუბრა როგორც სამართალდამცველი, თუმცა მეორე დღეს განაცხადა, რომ პოლიციელი არაა და არც არასდროს ყოფილა. მოგვიანებით თქვა, რომ თაღლითების მსხვერპლი თავად გახდა.
ამასთან, ჩატში ჩაგდებულ ფოტოზე ქალი სამართალდამცველის ფორმაშია გამოწყობილი და შსს-ს შენობის ფონზეა გადაღებული. შაბათის ფორმულამ გაარკვია, რომ ფორმები, რომლის გაყიდვაც დაუშვებელია, თბილისის ბაზრობებზე უპრობლემოდ იყიდება.
საგამოძიებო ექსპერიმენტის შემდეგ შაბათის ფორმულამ ინფორაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა და საქმეს კიბერუსაფრთხოების სამსახურმა უნდა გამოიძიოს. აღსანიშნავია, რომ ჩატი ტელეგრამში ისევ მოქმედია.