logo
ENG



შაბათის ფორმულა: თბილისის აეროპორტში რუსი სანქცირებული ოლიგარქის ჯეტია გაჩერებული

07 მაი 202220:05
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თითქმის ერთი თვეა, რუსი სანქცირებული ოლიგარქის, ევგენი გინერის ბიზნეს ჯეტია გაჩერებული. 15 კაცზე გათვლილი თვითმფრინავის ფოტო შაბათის ფორმულამ მოიპოვა. თვითმფრინავის აირზენას ანგარში დგომას საქართველოს ავიახაზებიც ადასტურებს, თუმცა ვინ ჩამოიყვანა ევგენი გინერის თვითმფრინავმა, ამაზე ფაქტებით გამყარებული ინფორმაცია არ იძებნება.

უფრო დეტალურად:

ბიზნეს ჯეტი რუსული დროშის ფერებით, რომელიც წლების განმავლობაში სანქცირებულ რუს ოლიგარქს ევგენი გინერს ეკუთვნოდა, ერევნიდან ჩამოფრინდა. თვითმფრინავი, რომელმაც  რეგისტრაციის სახელი რამდენჯერმე შეიცვალა, ერთ-ერთი სახელით კომპანია VACUNA JET-ს ეკუთვნის, რომლის დამფუძნებელი და მთავარი აქციონერი, რუსი სანქცირებული ოლიგარქი - ევგენი გინერი, ხოლო დირექტორი გინერის ვაჟი - ვადიმ გინერია.

ევგენი გინერი 2001 წლის თებერვლიდან საფეხბურთო კლუბის ცეესკას პრეზიდენტი, დირექტორების საბჭოს წევრი, რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის  ვიცეპრეზიდენტი და ფინანსური კომიტეტის თავმჯდომარეა. სანქცირებული კლუბის პრეზიდენტი გინერი, 5-ვარსკვლავიან ფეშენებელურ სასტუმროს, იალტაში, ოკუპირებულ ყირიმში ფლობს, რომელსაც ხშირად სტუმრობენ, რუსული პროპაგანდის გამტარებელი შოუბიზნესის წარმომადგენლები. ტარდება ფორუმებიც, მაგ:2016 წლის მარტში ჩატარდა ფორუმი, რუსი ჩინოვნიკებისთვის- "ღია ყირიმი". გინერს ასევე კომპანია - VS ENERGY რუსეთის დუმის წევრ, ასევე სანქცირებულ ოლიგარქთან ალექანდრ ბაბაკოვთან ერთად აქვს. ნოვაია გაზეტას გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ სწორედ ეს კომპანია ენერგიას რუსეთის თავდაცვის ძალებს აწვდიდა.

აირზენას მფლობელის თამაზ გაიაშვილის წარმომადგენლის მტკიცებით, გინერის თვითმფრინავი რემონტზეა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ბიზნეს ჯეტი ამჯერად მალტაშია რეგისტრირებული, თუმცა შაბათის ფორმულამ გაარკვია, რომ ის სავარაუდოდ ოფშორში დარეგისტრირებული ფირმის საკუთრებაა. რუსი ოლიგარქის ოფშორულ ავია-ბიზნესებში კი ცნობილი ბევრია, ევგენი გინერს და მის შვილს ბიზნეს ჯეტების რამდენიმე კომპანია აქვთ.


close დახურვა