logo
ENG



შაბათის ფორმულა: კიკეთში ნაკვეთი მერიამ ოცნებასთან დაახლოებულ კომპანიას ფასდაკლებით მიჰყიდა

22 იან 202220:40
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, კიკეთში, სარეკრეაციო ზონაში მდებარე ტერიტორია, რომელიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ეკუთვნოდა, მერიამ ქართული ოცნების ხელისუფლებასთან დაახლოებულ კომპანიაზე გაყიდა. აღსანიშნავია, რომ 6 შენობა და 35 ათასი კვადრატული მეტი მიწა მერიამ ხსენებულ კომპანიას იმაზე გაცილებით იაფად მიჰყიდა ვიდრე ის შეფასებული იყო. 

ამ ეტაპზე ტერიტორიაზე უკვე სამომავლო პროექტისთვის აზომვითი სამუშაოები მიმდინარეობს.

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, თბილისის მერიის დაქვემდებარებულმა ორგანიზაციამ ქონება აუქციონზე 2020 წლის შემოდგომაზე გაიტანა. მაშინ ორივე ნაკვეთის და მასზე არსებული ორსართულიანი შენობების საწყისი ფასი ჯამში 8 მილიონ 600 ათასი ლარი იყო, ვაჭრობის მინიმალური ბიჯი კი 400 ათასს აღემატებოდა. ანუ მყიდველს მინიმუმ 9 მილიონი ლარი უნდა გადაეხადა. საბოლოო ჯამში ნაკვეთი 60% ფასდაკლებით გაიყიდა. 

რაც შეეხება თვითონ კომპანიას, რომელიც ხსენებული ტერიტორია შეიძინა, ეს კიკეთი დეველოპმენტ 1-ია. კომპანია 2021 წლის აპრილში დარეგისტრირდა. მას 7 მეწილე ჰყავს, მათ შორის არის თავდაცვის მინისტრის დედა. მარინე სამსონაშვილი კომპანიაში წილის 14% ფლობს, რაშიც საბუთების მიხედვით 320 ათასი გადაიხადა. შაბათის ფორმულა მისი სხვა ქონებითაც დაინტერესდა. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, თავდაცვის მინისტრის დედას აქვს ბინა ბაკურიანში, 133 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა ორთაჭალაში და წყნეთში, ნუშების დასახლებაში დაახლოებით 250 კვადრატული მეტრის სახლი. ამავე დასახლებაში ასეთივე სახლი მინისტრის მეუღლესაც აქვს.

სანამ მერიისგან ორ ნაკვეთს შეიძენდა, კიკეთი დეველოპმენტმა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან ამავე ტერიტორიაზე თითქმის იმავე ზომის, დაახლოებით 30 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის კიდევ სამი ნაკვეთი 2 მილიონ 200 ათას ლარად იყიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ კვადრატულის ფასი, მერიის ფასზე უფრო დაბალია.

სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან ნასყიდობის ხელშეკრულებაზე კიკეთი დეველოპმენტის მხრიდან ხელმომწერი გალაქტიონ ბუაძეა, რომელიც 2016-2018 წლებში სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორად მუშაობდა, მისი პირველი მოადგილე კი ჯუანშერ ბურჭულაძე იყო. ბუაძე იყო მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსიც.

შეჯამებისთვის - 66 ათასი კვადრატული მეტრი მიწა კიკეთი დეველოპმენტს 6 მილიონ 200 ათასი ლარი დაუჯდა. ანუ კვადრატულში დაახლოებით 95 ლარი გადაიხადა. კომპანიას არ დაეკისრა არანაირი საინვესტიციო ვალდებულება.


close დახურვა