შაბათის ფორმულას რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, პოლიციას მიღებული აქვს პირდაპირი ბრძანება კრიმინალს ღიად არ ებრძოლოს. მაგალითად, ყოფილა შემთხვევები, როდესაც საპატრულო პოლიციას მოუწია დაკავებულის გაშვება, რადგან ხელისუფლება კონკრეტულ კრიმინალთან ვალშია.
შაბათის ფორმულას მიერ მოპოვებულ აუდიო ჩანაწერში ციხის ერთ-ერთი მაყურებელი, იგივე პალაჟენეცი ახსენებს გია ქემოკლიძეს, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, მეტსახელად ცვეტნოის. ჩანაწერებით, ცვეტნოი ციხიდან ე.წ. ობშიაკების გატანაშია ჩართული. შაბათის ფორმულამ ასევე გაარკვია, რომ ქემოკლიძე ანუ იგივე ცვეტნოი მილიონერია. მას ანგარიშზე ნახევარ მილიონამდე დოლარი აქვს და თბილისში და მის შემოგარენში რამდენიმე ათეული ქონების თანამესაკუთრე, ან სრულად მესაკუთრეა.
საბუთების შესწავლისას გაირკვა, რომ ქემოკლიძის ფული ტრიალებს მევახშეობაშიც, გაპროცენტებული ფულით კი ქონების გარდა დამატებით სარგებელს იღებს.
წყარო გვიყვება, რომ ქემოკლიძე ირაკლი ღარიბაშვილის კადრია. ის პოლიციაში მუშაობდა, საიდანაც ამოღებული ნარკოტიკის გაყიდვის შემდეგ გაათავისუფლეს. სისტემაში ქემოკლიძე ირაკლი ღარიბაშვილის პირველი პრემიერობის დროს დააბრუნეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ქემოკლიძემ ღარიბაშვილის სიმამრს, თამაზ თამაზაშვილს ძვირადღირებული საკოლექციო თოფი აჩუქა.
რა ქონება დააგროვა გიორგი ქემოკლიძემ სისტემაში დაბრუნების შემდეგ, ეს მისი დეკლარაციებიდანაც ჩანს. წყარო შაბათის ფორმულას უყვება, რომ მას 800 000 ევრო აქვს გადანახული, დეკლარაციაში კი ოფიციალურად არანაკლებ ქონებაზე მიუთითებს. ბოლო დეკლარაციით, მას ანგარიშზე 400 000 დოლარი აქვს, ოჯახის წევრებთან ერთად კი ხელზე 60 000-ზე მეტს ინახავს.
შაბათის ფორმულას გადამღები ჯგუფი ამ რეპორტაჟზე მუშაობისას პენიტენციურმა სასახურმა 500 ლარით დააჯარიმა. საქმე ეხება დრონით ციხის კადრების გადაღებას.
აღსანიშნავია, რომ ფარულ აუდიო ჩანაწერებით, რომელიც შაბათის ფორმულამ მოიპოვა და სადაც ციხის ე.წ მაყურებლები და თანამშრომლები ციხეში არსებულ სიტუაციას დეტალურად აღწერენ - გამოძიება ჯერ არ დაინტერესებულა.
შეგახსენებთ, რომ შაბათის ფორმულას ანონიმურმა წყარომ ციხის მოქმედი თანამშრომლებისა და მაყურებლების საუბრების 50-ზე მეტი აუდიო ფაილი გადასცა. ფარული აუდიო ფაილებით დგინდება - რა ხდება ციხეში, ვინ კრებს და ვინ განაგებს ციხის საერთოს (ე.წ. ობშაკს), ვინ არიან ის მაღალჩინოსნები ვინც ციხის საერთოდან წილს, სოლიდურ თანხას ყოველთვიურად იღებენ.