logo
ENG



შაბათის ფორმულა: მეზობელი 7 თვის ორსულს თავს დაესხა

03 ივლ 202120:17
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, 7 თვის ორსულ ქალს თავს სხვა ქალი დაესხა. თავდასხმა ქალმა მობილური ტელეფონით გადაიღო. ამელია ურომოვა მარნეულში მცხოვრები აქტივისტია. ის შაბათის ფორმულასთან საუბარში ამბობს, რომ ეს მასზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის და წარსულში მას ავტომობილი დაუწვეს. 

ურომოვას თქმით, 25 ივნისს მას მეზობელი ხათუნა გელაშვილი გაუსწორდა ფიზიკურად. ქალების დაპირისპირებას ორი პოლიციელი შეესწრო. ურუმოვა ამბობს, რომ სიტუაციის განსამუხტად მათ არაფერი მოიმოქმედეს.

"ვიფიქრე რომ ორ პოლიციელთან ერთად დაცული ვიქნებოდი, მაგრამ როგორც კი შევედი და კარი დაიკეტა, ხათუნა გამოიქცა ჩემკენ და ჩემი ცემა დაიწყო. თავში, მხრებსა და მკერდზე მირტყამდა, თუმცა მუცელზე გამიზნულად არ შემხებია", - ამბობს ადგილობრივი აქტივისტი. 

ორ ქალს შორის დაპირისპირების მიზეზი ერთი წლის წინ მომხდარი უთანხმოებაა. ურუმოვა ყვება, რომ ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მეზობელ ქალს მისივე თხოვნით ეხმარებოდა, რადგან ოჯახის წევრები სათანადო ყურადღებას არ აქცევდნენ. მისივე თქმით, მეზობელი გამოკვლევებზე წაიყვანა და ოპერაციისთვის ფულიც თავად მოიძია.

"ოპერაცია გავუკეთეთ, ნათესავები არც ოპერაციამდე და არც მერე მოსულან საავადმყოფოში. ამის შემდეგ ხშირად მოდიოდა ჩემთან სტუმრად. შეიძლება ითქვას რომ ჩვენ ვმეგობრობდით. ადამიანს ყურადღება და დახმარება ესაჭიროებოდა", - თქვა ურუმოვამ

25 ივნისის დაპირისპირებას განსხვავებულად იხსენებს ხათუნა გელაშვილი. ის ამბობს, რომ ამელია მასთან სახლში დაუკითხავად შეიჭრა.

"მეჯინება, რომ არა არ გავალ. როგორ არ გახვალ მეთქი და არ უარვყოფ, ხელის ჯიკავით იმას ვქენი. ამ დროს პოლიციამ ერთმა მე გამომიყვანა აქეთ, რომ შეეშვი, დაანებე თავი, არ გინდა, მეორემ ამალიას მოკიდა ხელი და წაიყვანა", - ამბობს გელაშვილი. 

მეზობლები ასევე ურუმოვას ქონებრივ ინტერესზე საუბრობენ. ამბობენ, რომ შეუძლოდ მყოფ ქალს ის ფულს სძალავდა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის როდესაც ამალია თანამოქალაეების მხრიდან შევიწროების შესახებ შაბათის ფორმულას უყვება. თავად თანამოქალაქეების მხრიდან მტრული დამოკიდებულების მიზეზად აქტივიზმსა და მის მოხალისეობრივ საქმიანობას ასახელებს. გასული წლის დეკემბერში აფხაზეთიდან დევნილმა ქალმა სამი წლის წინ დამწვარ მანქანასა და თაროზე შემოდებულ საქმეზე ისაუბრა. საქმე დღემდე არ გამოუძიებიათ. ამალია გავლენიანი ადამიანების ინტერესებზე საუბრობს. ყვება, რომ საქმის გამომძიებელმა როლანდ ბოლქვაძემ მას დაურეკა და გააფრთხილა ხათუნა გელაშვილი და მისი მეუღლე ეზგო მამედოვი აღარ შეეწუხებინა.

დაპირისპირების ფაქტზე საქმე აღძრულია, მომჩივანი - ხათუნა გელაშვილია. თავად ამალია პოლიციასთან არ თანამშრომლობს, რადგან წარსულში გამოუძიებელი საქმის გამო სამართალდამცავებს უნდობლობას უცხადებს.


close დახურვა