შაბათის ფორმულას ინფორმაციით, 15 იანვრიდან თბილისის მერიაში ფინანსური პოლიცია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული დეპარტამენტია შესული. ორივე უწყება მერის მიერ შესრულებულ ტენდერებს სწავლობს.
შაბათის ფორმულას ცნობით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროცესის გაჭიანურების გამო, კახა კალაძე საგამოძიებო უწყებების მთავარი ობიექტია.
შაბათის ფორმულას ინფორმაციით, კახა კალაძემ იმ კომპანიებისთვის ხელშეკრულების შეწყვეტა, რომლებიც გამზირის რეაბილიტაციაზე მუშაობდნენ, ქართულ ოცნებაში მის მიმართ გაჩენილი კითხვების შემდეგ გადაწყვიტა, თუმცა დედაქალაქის მერიის პრესსამსახური მერიაში რომელიმე უწყების შესვლას და შესწავლას უარყოფს.
წერეთლის გამზირის დასასრულებლად ახლა ორის ნაცვლად 4 კომპანია მუშაობს და დამატებით 18 მილიონი იხარჯება. შპს პარმა პირველი კომპანია იყო, რომელიც 15 იანვრის შემდეგ წერეთლის გამზირზე გამოჩნდა. ამ კომპანიის დირექტორი - დავით თოფურია, ბერა ივანიშვილის მეგობარია.
წერეთლის პროექტი საქართველოს ბიუჯეტს ჯამში 30 მილიონი ლარი დაუჯდა. გამზირის გადათხრა თბილისის მერიამ ჯერ კიდევ 2023 წლის მარტში დაიწყო. სამუშაოები სექტემბერში უნდა დასრულებულიყო და შპს ერტედეს და მილენიუმ ბილდიგ გრუპს მერიამ ამისთვის 12 მილიონი ლარი გადაუხადა.
15 იანვარს ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი სამუშაოების ვადის გადაცილება და საქმის უხარისხოდ შესრულება იყო, თუმცა თბილისის მერმა კომპანია ერტედე და მილენიუმ ბილდიგ გრუპი იმავე მიზეზით ჯერ კიდევ ივნისში და ივლისში დააჯარიმა.