საქართველო კორონავირუსის მეხუთე ტალღის მოლოდინშია, ქვეყანაში კი ვაქცინაციის ტემპი მკვეთრად შემცირებულია.
96 წლის ნინო ფეიქრიშვილი ჯანდაცვის მინისტრის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძისა და ტელეკამერების წინ საგანგებოდ აცრეს, შემდეგ კი განაცხადეს, რომ პანდემიას წარმატებულად ებრძვიან და ყველაფერი დროულად კეთდება. ამ პიარ სვლის პარალელურად, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციაში სიცოცხლისთვის 90 წლის ქალი იბრძვის. მას გადაადგილების პრობლემა ჰქონდა, ამიტომ აგვისტოს შემდეგ ვაქცინაციას საკუთარ სახლში უშედეგოდ ელოდებოდა. ქალის მსგავსად ჯერ კიდევ თვეების წინ გაკეთებული მოთხოვნის მიუხედავად, აცრას ამ დრომდე ელოდებიან სხვა ოჯახებშიც.
ლალი დიდიმოვი შაბათის ფორმულასთან საუბარში ამბობს, რომ პირველად აცრის მოთხოვნით აგვისტოში დარეკა.
"არ მოვიდნენ. მერე სექტემბერში დავრეკე. ახლაც არ მოსულან. რომ ვრეკავდი, მეუბნებოდნენ, რომ ჩვენი საქმეა გადავცეთ ინფორმაციაო", - აცხადებს დიდიმოვი.
ჯანდაცვის მინისტრმა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორი გაუმართავია მოხუცებულების ბინაზე აცრის სისტემა შაბათის ფორმულასგან გაიგო. შეკითხვამ ტიკარაძე გააღიზიანა. პასუხის ნაცვლად, მინისტრმა მართველი გუნდის აპრობირებულ მეთოდს მიმართა, გაგვაკრიტიკა, პროფესიონალიზმი დაგვიწუნა და გვირჩია როგორ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა.
"მნიშვნელოვანია, არა საყვედურებით საუბარი, მოგვაწოდეთ სახელები და გვარები. ვინც არ არის აცრილი, იმას აცრიან, ჩვენ ახლა პოლემიკაში შევდივართ", - თქვა მინისტრმა.
კამერების წინ დაინტერესების მიუხედავად, ინტერვიუს დასრულების შემდეგ მინისტრს არცერთი მოხუცებულის გვარი და სახელი არ უკითხავს.
ეს ყველაფერი სოფელ მანავში, მოხდა, სადაც ადგილობრივები საგანგებოდ, კამერების წინ აცრეს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე თვეა, დღეში ათასობით ინფიცირებული და ათობით გარდაცვლილია, მობილურმა ჯგუფებმა სოფლებში ვაქცინაციის კამპანია და აცრები მხოლოდ რამდენიმე დღის წინ დაიწყეს.
მაშინ, როცა ხელისუფლება ვაქცინაციის აქტიური კამპანიის დაწყებას არ ჩქარობს, ქუჩებში უკონტროლოა რეგულაციების დაცვა. პიკის საათში გადაჭედილ ტრანსპორტში, მეტროსა თუ ქუჩებში მოსახლეობას პირბადეების გარეშე, თითქმის ყველგან შეხვდებით.
ქვეყანაში სრულად მოსახლეობის მხოლოდ 32%-ია აცრილი.