შაბათის ფორმულას ინფორმაციით, საპატრიარქო ბიუჯეტიდან წელიწადში დამატებით 14 მილიონს მიიღებს. პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულების მიხედვით მილიონები საპატრიარქოსთან არსებულ სასწავლებლებს უნდა მოხმარდეს. ამავე სასწავლო დაწესებულებებს საპატრიარქო საკუთარი ბიუჯეტიდან აფინანსებდა, რომელიც წელიწადში 25 მილიონია, მაგრამ ახალა ამ ხარჯს ბიუჯეტი დაფარავს.
გარდა ამისა, თამარ მეფის სახელობის გიმნაზიამ განათლების სამინისტროსგან ნახევარ მილიონ ლარზე მეტი მხოლოდ ხელფასებისთვის მიიღო. სასწავლებელი ყოველწლიურად საპატრიარქოსგან ფინანსდება, თუმცა წელს 25-მილიონიანი ბიუჯეტის მქონე უწყებამ, გიმნაზიისთვის საკმარისი თანხა არ გამოყო და დაფინანსება შეამცირა. ყველაზე დიდი ოდენობის თანხით განათლების სამინისტრომ თბილისის სასულიერო აკადემია დააფინანსა. 855 000 ლარი საპატრიარქოს სასწავლებელმა 6 თვის განმავლობაში ხელფასების გადასახდელად უნდა გამოიყენოს.
შაბათის ფორმულამ მოიპოვა პრემიერ ღარიბაშვილის ხელმოწერილი ბრძანება, სასწავლებლების დანართით, სადაც პრემიერი ავალებს განათლების სამინისტროს 13 მილიონ 979 ათასი ლარით დაეხმაროს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. რატომ გახდა აუცილებელი სამინისტროს ბიუჯეტი საპატრიარქოს სასწავლებლებისთვის, რომელსაც თავად აძლევს ხელისუფლება ყოველწლიურად 25 მილიონ ლარს, საპატრიარქოში განმარტებას არ აკეთებენ. საპატრიარქომ 2022 წელს ბიუჯეტიდან არა 25 მილიონი, არამედ 38 მილიონ 979 ათასი ლარი მიიღო.
14 მილიონამდე ლარის გადარიცხვას საპატრიარქოს სასწავლებლებისთვის თეოლოგები ერთ ახსნას უძებნიან - ხელისუფლება ტრადიციულად საპატრიარქოს გულის მოგებას ცდილობს და მასთან წინასაარჩევნოდ გარიგებაში შედის. საპატრიარქოს სასწავლებლებს შორის, რომლებიც განათლების სამინისტროს დამატებით დაფინანსებაში მოყვა, ფერიის ბავშვთა პანსიონიც მოხვდა. არასათანადო პირობებზე და სასტიკ მოპყრობაზე ამ პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი შაბათის ფორმულას ეთერში ექსკლუზიურად საუბრობდა. წლების განმავლობაში სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი იყვნენ ბავშვები საპატრიარქოს კიდევ ერთ პანსიონში, ნინოწმინდაში. სკანდალური მოვლენების შემდეგ, ამ დრომდე არაა ცნობილი რას და როგორ ასწავლიან იქ დარჩენილ ბავშვებს. ამ ფონზე საპატრიარქო უფრო და უფრო მეტ თანხებს ითხოვს საკუთარი სასწავლებლებისთვის.