შაბათის ფორმულამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ ფაილებში მიაგნო საქაღალდეს, რომელიც არ შეიცავს ინფორმაციას მხოლოდ მღვდელბის, ჟურნალისტებისა და აქტივისტების შესახებ. ეს საქაღალდე საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ეხება. ლილუაშვილის უწყების ფაილებში საქსტატის მთლიანი არქივი და მოქალაქეების პირადი ინფორმაცია ინახება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომლები წელიწადში დაახლოებით 25 ათას მოქალაქეს აღწერენ. ეკითხებიან მათი ოჯახის პირად ინფორმაციას, სად მუშაობენ, რას საქმიანობენ, რა შემოსავალი აქვთ, ჰყავთ თუ არა პირადი ავტომობილი, სად სწავლობენ შვილები, აქვთ თუ არა ფსიქიკური პრობლემები. ეს კითხვების მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია, რომელსაც საქსტატი მოქალაქეებს უსვამს. თქვენ მათ ენდობით და კონფიდენციალურობის დაცვით კითხვებსაც პასუხობთ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ყველა ეს ჩანაწერი სუს-ის აგენტების ხელშია.
სუს-ის აგენტებს მოქალაქეების პირადი ინფორმაცია დახარისხებული აქვთ ქალაქების, სოფლების, რაიონებისა და უბნების მიხედვით.
შაბათის ფორმულამ გაჟონილ მასალებში კიდევ ერთ საქაღალდეს მიაგნო, რომლითაც დასტურდება, რომ სუსი აკონტროლებს რესტორნების, კაფე-ბარების, სასტუმროების თანამშრომლებს, დირექტორებს, მფლობელებსა და მეწილეებს.
სუს-ის ფაილებში გადანახულია მომღერალი გია დავითიანის დოსიე, რომელიც რესტორან კავკაზის დირექტორი იყო. საიდუმლო დოკუმენტებით ირკვევა, რომ მის ობიექტს სუს-ის აგენტები უთვალთვალებდნენ, მომღერლის შესახებ კი ყველაფერი იციან.
გამოჟონილ ფაილებში მოვძებნეთ საქაღალდე სახელწოდებით - კლინიკები. ყველა სამედიცინო დაწესებულების დირექტორი თუ მფლობელი სუს-ის ინტერესშია.