logo
ENG



შაბათის ფორმულა: ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარემ უკანონოდ 2 სასტუმრო ააშენა

10 აპრ 202120:20
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით მჭედლიშვილმა უკანონოდ ორი სასტუმრო ააშენა. ოფიციალურად მიწის მფლობელი, სადაც სასტუმროებია აშენებული, საკრებულოს თავმჯდომარის შვილია.

შაბათის ფორმულამ დაადგინა, რომ მშენებლობის ნებართვა მჭედლიშვილს არ აუღია. საკრებულოს თავმჯდომარის სახლი ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე დგას. სახლი 20 წლის წინ აშენდა და მისი საერთო ფართი 600 კვადრატული მეტრი იყო. გაირკვა, რომ ამ მონაცემებით რეესტრში რეგისტრირებულია - 3000 კვადრატზე მეტი ფართი. 

საკრებულოს თავმჯდომარის ოჯახში ამბობენ, რომ სასტუმროს მშენებლობისთვის ნებართვის საჭიროება არ არსებობდა, რადგან საკუთარ ეზოში რას ააშენებენ, მხოლოდ მათი გადასაწყვეტია.

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის ეზოში 3-სართულიანი სასტუმრო რომ ნებართვის გარეშეა აშენებული შაბათის ფორმულას არქიტექტურის სამსახურშიც დაუდასტურეს. აღსანიშნავია, რომ ქობულეთის მერიას საკრებულოს თავმჯდომარის ოჯახმა განცხადებით რამდენიმე თვის წინ მიმართა და უკანონო მიშენების კანონიერად ცნობა მოითხოვა. მათ უკანა ეზოში აშენებული სასტუმრო სიშელი უკვე წლებია 3-ვარსკვლავიან სასტუმროდ ფუნქციონირებს. საკრებულოს თავმჯდომარემ ამ ქონების დანიშნულება დეკლარაციის შევსების დროს დამალა და საცხოვრებელ ფართად გააფორმა. სიშელი ექსპლუატაციაში 2 წლის წინ გაუშვეს, თუმცა ქობულეთელი მაღალჩინოსნის დეკლარაციაში მაინც არაფერი შეცვლილა.

დავით მჭედლიშვილი ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარედ 2017 წელს დაინიშნა. თანამდებობრივი დაწინაურების შემდეგ, მისი ქონებაც მნიშვნელოვნად გაიზარდა. 70 000 დოლარად ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირზე კერძო იპოთეკარისაგან 400 კვადრატული მეტრი ფართობის სახლი შეიძინა. ასევე მჭედლიშვილის საკუთრებაშია ორი სახლი თბილისში და ერთი ბათუმში. 


close დახურვა