logo
ENG



შაბათის ფორმულა: ხაშურში სოციალურად დაუცველ ქალზე წლების განმავლობაში ძმა ძალადობდა

24 ივლ 202122:56
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ თაგვეთში, სადაც სულ 56 ადამიანი ცხოვრობს, ქალი წლებია ოჯახური ძალადობის მსხვერპლია.  

ქალმა ძმის მხრიდან სისტემატურ ცემაზე, იარაღით მუქარასა და შეურაცხყოფაზე საუბარი მას შემდეგ გადაწყვიტა, როცა ერთ დღეს მამისგან დატოვებული ქონება, ძმის საკუთრებაში აღმოაჩინა.

"რამდენჯერმე გამაგდო სახლიდან, ცემაც არ მაკლდა. არ მინდა იმ ყველაფრის გახსენება, რა დღეებიც მაქვს გავლილი. იარაღითაც ბევრჯერ დამმუქრებია. დედაზეც ყოველთვის ძალადობდა, სიტყვიერად შეურაცხყოფდა, მერე მამა ისე სცემა, 80 წლის კაცი, რომ 3 ნეკნი გატეხილი ჰქონდა", - ამბობს ქალი.

ის შაბათის ფორმულას უწყება, რომ სახლის მისათვისებლად ძმა უკან არაფერზე იხევდა, მოტყუებით წაიყვანა ექიმბაშთან და აიძულებდა ოჯახის დანგრევის გამო განერვიულებულს, დაელია ძლიერი ფსიქოტროპული წამლები.

"მე ერთი ხანობა ოჯახი დამენგრა და ძალიან ვნერვიულობდი, და იმის მაგივრად რომ გვერდში დამდგომოდა, მამისთვის მოევლო და ჩემთვის ეპატრონა, მოტყუებით წამიყვანა ექიმთან ნევროპათოლოგიაო და თურმე ფსიქიატრთან წავუყვანივარ. მესამე დღეს ამ წამლების გამო, გავხდი ძალიან ცუდად და მერე სხვა ექიმს დავურეკე, წამლები ვაჩვენე და მითხრა ეს ისეთი წამლებია, რომ ბოდიში და ისე დაგადებილებსო, ქალად აღარ ივარგებო. ამასობაში ამათ ეგონათ რომ მე ამ წამალს ვსვამდი, მესამე დღიდან ეგ წამალი არ დამილევია. აი სახლი უნდოდათ, სახლისთვის აკეთებდნენ ყველაფერს", - იხსენებს ის. 

სოციალურად დაუცველი ქალის ერთადერთი შემოსავლის წყარო, მიწის ნაკვეთზე დარგული კაკლები იყო. მისი თქმით, ძმამ მიწა ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით გადაიფორმა.  


close დახურვა