ოპოზიციამ ამნისტიის კანონპროექტის საკუთარი ვერსია პარლამენტში დაარეგისტრირა.
როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებს უთხრა, მათ მიერ წარდგენილი კანონპროექტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს სრულად შეესაბამება.
"დავარეგისტრირეთ ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ჩვენეული ვარიანტი. ჩვენი კანონპროექტი სრულად შეესაბამება შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებასა და მოთხოვნებს. იქ არის აღნიშნული, რომ 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით უნდა მოხდეს ამნისტირება ყველა დარღვევის და დაკავების, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ორი წლის მანძილზე, რასაც სახელმწიფო იძიებდა, უკვე არსებული წარდგენილი ბრალდებები და დარღვევები უნდა მოყვეს ყველა", - აცხადებს შავგულიძე.
როგორც მან აღნიშნა, "ოპოზიციის მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტი მკაფიო და განჭვრეტადია, რომელიც ორ მნიშვნელოვან დათქმას ითვალისწინებს".
"ჩვენი კანონი არის მკაფიო, განჭვრეტადი. ყველა წარდგენილი ბრალდება და მსჯავრდება უნდა ეპატიოს აქციის მონაწილეებსაც და პოლიციელებსაც, რაც ამ ორი წლის მანძილზე მოხდა. ჩვენი კანონპროექტი ითვალისწინებს ორ მნიშვნელოვან დათქმას. ის ვრცელდება პოლიციელებზეც, მაგრამ ვრცელდება იმ დათქმით, რომ არ გავრცელდება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებზე და მეორე დათქმა- პოლიციელების მიმართ ის გავრცელდება კონკრეტულად მათ საქმეებზე დაზარალებულად ცნობილი პირების თანხმობი", - განაცხადა შავგულიძემ.
მისივე თქმით, ქართული ოცნების მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტით ხელისუფლებას შეუზღუდავი უფლებამოსილება რჩება.
"ხელისუფლების კანონპროექტს არ გავცნობივარ წერილობით, მაგრამ რამდენადაც მოლაპარაკების პროცესში მათ გვითხრეს, ის შეეხება არა კონკრეტულ ნორმებს, რომლითაც დევნა მიმდინარეობდა ამ ორი წლის მანძილზე და ზოგზე განაჩენიც არის, არამედ ჰიპოთეტურად ამ მოვლენებთან დაკავშირებულ უკვე არსებულ ბრალდებებს და მომავალში შესაძლო ყველა ბრალდებას, რაც მიგვაჩნია, რომ ძალიან გაუმართლებელია. ხელისუფლებას რჩება შეუზღუდავი უფლებამოსილება, რა ქმედებებზე გაავრცელებს მომავალში და რაზე - არა", -აცხადებს შავგულიძე.
შეთანხმების დოკუმენტი, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა 19 აპრილს ხელი მოაწერა, რამდენიმე პუნქტს შეიცავს.
ერთერთი კი 20 ივნისის საქმეების ამნისტიას ეხება.
გუშინ, 27 აპრილს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რამდენიმესაათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ვინაიდან მხარეები ვერ შეთანხმდნენ, ორივე მხარემ კანონპროექტის საკუთარი ვერსია დაარეგისტრირა.
ევროკავშირს წერილით მიმართეს 20 ივნისს დაზარალებულებმა და მოითხოვეს, საქართველოს დაეხმარონ ისე, რომ არ შეილახოს მათი უფლებები.
ასევე, საია-მ, რომელიც პარტიებს შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდებდა, ახლა მიმართავს მათ, არ დაუშვან 20 ივნისს პოლიციელთა დანაშაულებებზე ამნისტიის კანონის ინიცირება.