დღეს, 8 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, სადაც თქვეს, რომ ავსტრალიის მოქალაქის შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული, 1988 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
ფორმულამ გაარკვია, რომ დაკავებულია 33 წლის რაფაელ მურსაკულოვი, რომელიც ქართულ ოცნებასთან არის დაკავშირებული.
მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობის გაჟღერების შემდეგ Facebook-ზე გავრცელდა ფოტო, სადაც ის ქართული ოცნების წევრთან ირაკლი ზარქუასთან ერთადაა გამოსახული. სურათზე მარჯვნივ ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და ქართული ოცნების შტაბის უფროსი გიორგი ღამბაშიძეა.
გარდა ამისა, ინტერნეტში რაფაელ მურსაკულოვის ძებნისას ფეისბუქგვერდზე მოხალისე StopCOVID-19 განთავსებული იყო პოსტი, სადაც მასზე წერია, რომ მოხალისეა, თანდართულ ფოტოებზე კი ჩანს, რომ ის თბილისის მერიის ლოგოიან ტანსაცმელს ატარებდა. ეს პოსტი ამ დროისთვის აღარ იძებნება.
თავად მურსაკულოვს Facebook-ზე უწერია, რომ ქართულ ოცნებაში მუშაობს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მას 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
ბრუკი 30 ივლისს, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუჩინარდა. მისი ცხედარი მეორე დღეს, 31 ივლისს იპოვეს. ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნებოდა, დანაშაულის ადგილზე კი დანა იპოვეს.