ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დედა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას მიმართავს.
როგორც თამუნა შალვაშვილი Facebook-ზე წერს, საზოგადოების გარკვეული ნაწილისგან მათი ოჯახისა და ნათესავის, მირიან ნიკოლაძის მისამართით აგრესიული რიტორიკა მოდის, რაც გაუგებარია.
თამუნა შალვაშვილი წერს, რომ ის ვერ ანდობდა მისი შვილის გარდაცვალების გამოძიებას იმ ადამიანებს, ვინც აბსურდს უმტკიცებს და ამ საკითხსაც პოლიტიკური მიზნებით იყენებს.
შაქარაშვილის მშობელი ოჯახის ნათესავის, მირიან ნიკოლაძის შესახებ ამბობს, რომ მას საზოგადოება ცილს სწამებს.
„რა სიბინძურე არ დააბრალეთ, რა ცილისწამება აღარ შეთხზეთ, რა აღარ აკადრეთ, მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენი ბინძური პოლიტიკური ინტერესების საჯიჯგნი არ გამიხადა მოკლული შვილი. რატომ ვერ ინელებთ, რომ ამ ერთმა კაცმა მოუღო ბოლო თქვენს არადამიანურ ინტერესებს?! რას გვერჩით, რას გვემართლებით, რატომ არ გვაცდით ჩვენი ანგელოზი შვილის დატირებას! რატომ უნდა ვხდებოდე იძულებული, რომ საზოგადოებას ვთხოვო თქვენგან თავის დაცვა?!", - წერს თამუნა შალვაშვილი.
გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს დაიკარგა - ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მის ცხედარს მდინარე არაგვში მიაკვლიეს.
ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული - გამოძიებას კი ახალი მუხლი დაემატა: განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში.