logo
ENG



შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულთა ადვოკატები განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებენ

09 მარ 202116:34
3 წუთის საკითხავი
clock 1988
2021/03/09/xgl8dc2u7ul2v72.png

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების ადვოკატები გამამტყუნებელ განაჩენს არ ეთანხმებიან. 

მათი თქმით, მოსამართლე ბიძინა სტურუამ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო და განაჩენი მტკიცებულებებზე არ დაუფუძნებია. 

ადვოკატებისვე თქმით, მათ არ აქვთ იმედი, რომ საქართველოს სააპელაციო ან უზენაესი სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. 

მიუხედავად ამისა, ისინი გეგმავენ უკვე მსჯავრდებულების დაცვას ყველა ინსტანციის სასამართლოში. 

"მოლოდინი იყო გამამრთლებელი განაჩენის, ვინაიდან არ არსებობდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის არანაირი სამართლებრივი საფუძველი. ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, თუმცა, ბიძინა სტურუამ ვერ გაუძლო ზეწოლას. ამას ემატება ისიც, რომ სტურუა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია და ახლა თუ არა, შემდეგი დანიშვნის დროს მას დაუფასებენ ამ გადაწყვეტილებას/ მივალთ სტრასბურგამდე, არ გვაქვს ილუზია, რომ აქ რომელიმე ინსტანცია საქმეს სამართლიანად გადაწყვეტს. ამოვწურავთ ყველა ინსტანციას და შემდეგ მივმართავთ სტრასბურგს". - თქვა არჩილ გაგნიძის ადვოკატმა, ბექა ნემსიწვერაძემ

"მოსამართლე არანაირი მტკიცებულებას არ დაყრდნობია. ეს იყო ყველაზე სამარცხვინო გადაწყვეტილება, საუკუნის სამარცხვინო გადაწყვეტილება, რცხვენოდეს ბიძინა სტურუას". - ამბობს ლელა გოგოლაძე, ვახო ჩიქოვანის ადვოკატი. 

მცხეთის სასამართლომ შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულები გაამტყუნა. 

სასამართლომ ისინი დამნაშავედ სცნო ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და ძალადობის, ასევე გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეში. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით: 

არჩილ გაგნიძეს მიესაჯა 16-წლიანი პატიმრობა. 

ნიკოლოზ რევაზიშვილი - 16-წლიანი პატიმრობა. 

ვახტანგ ჩიქოვანი - 16-წლიანი პატიმრობა. 

მოსამართლემ გაამტყუნა ზ.ხ და ა.ქ, რომლებიც შაქარაშვილის გარდაცვალების დროს არასრულწლოვნები იყვნენ. 

რამდენ წელს გაატარებენ ისინი პატიმრობაში, სასამართლო 16 მარტს გამოაცხადებს. 

პროკურატურის ვერსიით, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი სწორედ ხუთმა ადამიანმა მდინარე არაგვში გადააგდო, რის შედეგადაც, ის გარდაიცვალა.

19 წლის ფეხბურთელის ცხედარი 2020 წლის 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს, მათგან 6 - არასრულწლოვანი. 

 

close დახურვა