გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის წინასასამართლო სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში ხვალ გაიმართება. ხვალინდელ პროცესზე ადვოკატები მოსამართლეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობით მიმართავენ. ბრალდებულების ადვოკატებს არ აქვთ მოლოდინი, რომ მოსამართლე მათ შუამდგომლობას დააკმაყოფილებს.
არასრულწლოვნებს შორის არის დაკავებული ზ.ხ, რომელიც "ტოიოტა ქამრის" ერთ-ერთი მგზავრია. ამ ავტომობილში მსხდომ პირებს შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეთ, თუმცა არასრულწლოვნის უფლებადამცველი ამას კატეგორიულად გამორიცხავს. გიორგი გელხაური ამბობს, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც არასრულწლოვნის ბრალეულობას ადასტურებს.