გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ფიგურანტი ფოტოგრაფი საგამოძიებო ექსპერიმენტს ითხოვს.
იაკობ ბრეგვაძის ადვოკატის თქმით, მათ არ აქვთ მასალებზე წვდომა და ამიტომაც ითხოვენ ექსპერიმენტის ახლიდან ჩატარებას.
საუბარი ეხება საგამოძიებო ექსპერიმენტს, რომელიც იაკობ ბრეგვაძის მონაწილეობით ერთხელ უკვე ჩატარდა. ამ ექსპერიმენტს უნდა დაედგინა, რის დანახვას შეძლებდა მშენებარე შენობაში დამალული ფოტოგრაფი არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ფოტოგრაფის ადვოკატის თქმით, ექსპერიმენტი უნდა ჩატარდეს ზუსტად იმ დროსა და გარემოში, როგორიც 18-19 ივნისის ღამეს იყო.
იაკობ ბრეგვაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე იმყოფება. ადვოკატი ამბობს, რომ მათ გამოძიებასთან კითხვები აქვთ, კერძოდ: რატომ არ ეძლევათ საქმის მასალების გაცნობის საშუალება.
„იაკობი ამ საქმეზე ცნობილია დაზარალებულად. ყველამ იცის საქმის მასალები, ჩვენ გარდა. გვაქვს კითხვები გამოძიებასთან. მოვედით, რომ ეს კითხვები გავიაროთ.
კითხვები ეხება იაკობის მიერ მიღებულ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობას. გვაქვს კითხვები ექსპერიმენტთანაც. ესაა დროის შეთანხმების საკითხი - იგივე დროს მოხდეს აღნიშნული, რა დროსაც მოვლენები განვითარდა. გვინდა საზოგადოებამ ნახოს, შეოძლო თუ არა, გადამხტარიყო იაკობ ბრეგვაძე და რისი დანახვა შეეძლო იმ ადგილიდან", - ამბობს ირმა ჭკადუა.
იაკობ ბრეგვაძე შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში მნიშვნელოვანი მოწმეა. ის იმ ექვსი ადამიანიდან ერთერთია, ვინც შაქარაშვილთან ბოლოს იმყოფებოდა.
გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს დაიკარგა - მისი ცხედარი 22 ივნისს იპოვეს არაგვში.
ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ფეხბურთელის გარდაცვალება გამოიწვია ასფიქსიამ წყალში დახრჩობით - მას დაზიანებები სიცოცხლეში მიაყენეს.
გამოძიება გადაკვალიფიცირდა და დაემატა კიდევ ერთი მუხლი - განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში.
ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეში 17 ადამიანია დაკავებული - არცერთ მათგანს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი არ წარდგენია.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ, შესაძლოა, სამ პირს ბრალი დაუმძიმდეს - ამის შესახებ მასალები „ფორმულამ“ მოიპოვა.