logo
ENG



შეიძლება ამით ზეწოლა და შანტაჟი მოახდინონ - მახარაშვილი პირადი ცხოვრების კადრებზე

09 ივლ 202018:29
3 წუთის საკითხავი
 

„თუ ისიც კი ეშლებათ, რა გაუცვალონ მხარეებს და რა საპროცესო დოკუმენტაცია დაამაგრონ საქმეზე, როგორ შეიძლება, გამოძიების მიმართ ნდობით ვიყოთ განწყობილი“, - ამბობს იურისტი ლევან მახარაშვილი შსს-ს გამომძიებლის მიერ შეცდომით ადვოკატისთვის პირადი ცხოვრების კადრების გადაცემაზე.

მისი თქმით, საქმეში, შესაძლოა, სამოხელეო დანაშაული ან სამსახურეობრივი გულგრილობა იკვეთებოდეს. გარდა ამისა, მახარაშვილი არ გამორიცხავს, საქმეში პირადი ცხოვრების კადრები განზრახ იყოს ჩადებული, რომ ამით ვინმეზე ზეწოლა მოხდეს.

„თუ შემხებლობაში არ იყო ეს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია, რომლის შინაარსიც ჩემთვის უცნობია, მაშინ საერთოდ არ უნდა მომხდარიყო სისხლის სამართლის საქმეზე ამ ინფორმაციის დამაგრება. ესეც არის სამოხელეო დანაშაული, სულ მცირე გულგრილობა, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ვისი დაუდევარი ქმედებითაც მოხდა გასაჯაროება პირადი ცხოვრების ან ჩნდება ასევე ლეგიტიმური ეჭვი, რომ შეიძლება ეს გაკეთდა განზრახ, იმისთვის რომ ხვალ და ზეგ ამ პირებზე მოხდეს ზეწოლა, შანტაჟი და აიძულონ მათ სხვადასხვა პირებმა ჩვენებების შეცვლა“, - ამბობს ლევან მახარაშვილი.

შეგახსენებთ, შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ საგამოძიებო ორგანომ მას საქმის მონაწილე ერთ-ერთი პირის მეგობრის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები შემთხვევით, შეცდომით გადასცა, შემდეგ კი ხელწერილის დაწერა მოსთხოვეს ამ მასალის გასაჯაროების თავიდან ასაცილებლად.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის შესაძლო უკანონო მოპოვებისა და შენახვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო. პროკურატურაში განაცხადეს, რომ გამოძიება შეისწავლის შსს-ს გამომძიებლის მიერ, დაცვის მხარესთან მტკიცებულებების გაცვლისას, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გადაცემის გარემოებებს.


close დახურვა