დღეს პარლამენტი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას სადეპუტატო მანდატის შეწყვეტასთან დაკავშირებით იმსჯელებს. უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საკითხს 09:30 საათზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი პარლამენტში განიხილავს. კომიტეტის მიერ მიღებული დასკვნა პარლამენტის ბიუროს წარედგინება. ნიკა მელიას საქმე პლენარული სესიის დღის წესრიგში იმ შემთხვევაში მოხვდება, თუ ამას პარლამენტის ბიურო გადაწყვეტს.
მელიას თანაგუნდელი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში თუ რომელიმე დეპუტატი მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარს დაუჭერს, ის პირდაპირ შეასრულებს ბიძინა ივანიშვილის დავალებას. ფრაქციის თავმჯდომარე აღნიშნულ ფაქტს პოლიტიკურ დევნად აფასებს.
"ეს არის სამარცხვინო ფაქტი. პოლიტიკური დევნის ყველაზე უხეში ფორმა. 25 000-ლარიანი ჯარიმის გამო უშვებენ პარლამენტიდან. 7 წლის განმავლობაში ეს საქმე იყო შემოდებული თაროზე. ის დეპუტატი, რომელიც მისცემს ხმას, მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, მას არ ექნება მორალური უფლება დარჩეს პოლიტიკაში და ის იქნება დაღდასმული მთელი ცხოვრების განმავლობაში, როგორც უზნეო და ივანიშვილის დავალებების შემსრულებელი", - აღნიშნა გოცირიძემ.
„ნაციონალური" მოძრაობის ლიდერის პარლამენტის წევრის მანდატის შეწყვეტის საკითხი ბანკი „ქართუს" გაკოტრების საქმის გამო დადგა.