შუქრუთის მაცხოვრებლები პროტესტის 25-ე დღეს მშრალ შიმშილს აცხადებენ და სასმელი წყლის მიღებაზე უარს ამბობენ.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მოშიმშილეებიდან სამი ადამიანის მდგომარეობა დამძიმდა, ერთ-ერთ მათგანს კი გადაადგილებაც უჭირს.
"გადავდივარ მშრალ შიმშილობაზე. ამ დროის მანძილზე სამწუხაროდ არავინ არ დაგვკავშირებია ჩვენ, არავინ მოსულა ჩვენთან არც სახელმწიფოდან, არც სახალხო დამცველი. ან გადაიდგმება რეალური ქმედითი ნაბიჯები, ან არადა ყველა დაინახავს, რომ ამერიკის საელჩოს წინ ყველა დავიხოცებით", - ამბობს აქციის მონაწილე, გიორგი ნეფარიძე.
ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები უკვე 108 დღეა, ყურადღებასა და საკუთრების უფლების დაცვას ითხოვენ.
აქციაში მონაწილე შუქრუთელების ნაწილმა პირი ამოიკერა და ამ გზით მიმართა პროტესტის უკიდურეს ფორმას. მოშიმშილეთაგან 5 კაცია, 3 კი ქალი.
მათი თქმით, ჭიათურაში კომპანია ჯორჯიან მანგანეზის სამუშაოების შედეგად სოფელს საძირკველი ეცლება და შედეგად, მიწის ზედაპირზე არსებული მათი ნაგებობები ინგრევა, ან უკვე დაინგრა.
30 მაისს შუქრუთელები პროტესტის გამოსახატად ჭიათურიდან თბილისში ჩამოვიდნენ და აშშ-ს საელჩოსთან დაბანაკდნენ. ისინი აცხადებენ, რომ ელჩ კელი დეგნანს მიმართავენ, დაეხმაროს ცენტრალურ ხელისუფლებასთან ხმის მიწვდენაში.
თბილისში აქციის პარალელურად 31 მაისს ჯორჯიან მანგანეზის სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ კომპანია მზადაა, სამხარაულის ბიუროს შეაფასებინოს შუქრუთში მათი საქმიანობით გამოწვეული ზარალი და აუნაზღაუროს მოსახლეობას შესაბამისი თანხით.
- შუქრუთელების პროტესტზე ვრცლად წაიკითხეთ აქ