logo
ENG



შმაქსაობა მოსულა - გირჩი მძღოლებს ტაქსის ალტერნატივას სთავაზობს

04 ოქტ 201912:29
3 წუთის საკითხავი
 
mbci756sbk0e1ee.png

პოლიტიკური პარტია „გირჩი“ მძღოლებს ტაქსის ალტერნატივას სთავაზობს და „შმაქსის“ ვაკანსიას აცხადებს. როგორც „ფორმულანიუსს“ „გირჩის“ პრესსამსახურმა მარიამ გეგეჭკორმა განუცხადა, დასაქმება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ჰყავს ტრანსპორტი და ფლობს მართვის მოწმობას. "გირჩმა" საცდელი მსვლელობა დედაქალაქში უკვე მოაწყო, რა დროსაც "შმაქსის"ავტომობილების კოლონა საპატრულო პოლიციამ გააჩერა. სამართალდამცველები რამდენიმე წუთის განმავლობაში არკვევდნენ, ჰქონდათ თუ არა მძღოლებს თბილისის ქუჩებში "შმაქსის" ტრაფარეტით მოძრაობის უფლება. საბოლოოდ, "გირჩის" აქციაში ჩართული მძღოლები პოლიციამ ყოველგვარი ჯარიმის გარეშე გაათავისუფლა და საქმიანობის გაგრძელების ნებართვა მისცა.

„დღეს იყო საცდელი გასვლა. პატრულმა გაგვაჩერა, მონაცემები გადაამოწმა და გვითხრა რომ „შმაქსაობა“ მოსულა. შესაბამისად, არ დაგვაჯარიმა. ეს არის საგანმანათლებლო პროექტი, მუშაობენ მძღოლები, რომლებიც არიან „შმაქსისტები,“ მასწავლებლები და მგზავრებს, ანუ მოსწავლეებს, ესაუბრებიან გირჩის იდეებზე, თავისუფლებაზე და ა.შ. ამაში იღებენ შესაბამის ანაზღაურებას. მსურველები ჩვენთან მოვლენ, გააფორმებენ ხელშეკრულებას და იმუშავებენ. არ არის აუცილებელი ტაქსის ლიცენზია. მთავარია, ჰქონდეს მართვის მოწმობა და ჰყავდეს ტრანსპორტი. თუ მძღოლი თავად არ დაელაპარაკება მგზავრს, შეუძლია ჩვენი მიცემული ჩანაწერი მოასმენინოს“, - განაცხადა მარიამ გეგეჭკორმა.

მისივე თქმით, „შმაქსის“ გამოძახების სერვისი ჯერ არ აქვს, მანქანები ქუჩაში იმოძრავებენ და ნებისმიერ მსურველს შეეძლება მათი გაჩერება.


close დახურვა