უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინის აღდგენა დღესვე უნდა დაიწყოს, რადგან ეს გამარჯვების გარანტიაა.
"უკრაინა ახორციელებს ლუგანოში შეთანხმებულ პრინციპებს. ჩვენ ჩართული გვყავს პარტნიორები და საზოგადოება აღდგენის გეგმაზე მუშაობაში. ჩვენ ვაგრძელებთ რეფორმებზე ფოკუსირებას და პროცესის გამჭვირვალობაზე და ანგარიშვალდებულებაზე მუშაობას. მაგრამ აღდგენა დღესვე უნდა დაიწყოს. ეს გამარჯვების გარანტიაა," - თქვა უკრაინის პრემიერმა.
შმიგალი ამბობს, რომ უკრაინის აღდგენის გეგმა 750 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და მისი განხორციელება ევროპის ეკონომიკასაც დაეხმარება. მისი თქმით, უკრაინის აღდგენის გეგმა არის არა იმის შესახებ, თუ როგორ დაიბრუნონ უკრაინელებმა ყველაფერი, არამედ თუ როგორ უნდა წავიდნენ წინ ერთად.
4-5 ივლისს, შვეიცარიაში, ლუგანოში გაიმართა მე-5 საერთაშორისო კონფერენცია უკრაინის რეფორმების შესახებ, რომელზეც ქვეყნის აღდგენის გეგმა იყო წარმოდგენილი. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის აღდგენა ევროპაში ყველაზე დიდი ეკონომიკური პროექტი უნდა იყოს.